სიენას საერთაშორისო ფოტოკონკურსის 2021 წლის საუკეთესო ფოტოები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. კონკურსი, რომელიც ორიგინალური ხედვის მქონე ფოტოგრაფებს აერთიანებს, 2015 წელს დაარსდა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე რეფლექსირებას, ცვლილებებისა და კულტურული მიმოცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ფოტოხელოვნების დარგში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გლობალურმა პლატფორმამ წელს 137 ქვეყნის წარმომადგენელი ფოტოგრაფის ათიათასობით ნამუშევარი გააერთიანა.
„ჩვენ ვარღვევთ ყველანაირ წესს. გვინდა, თქვენც ჩვენთან ერთად დაარღვიოთ ისინი და ხელოვნების დარგში ახალი ტენდენციები შექმნათ“ – აცხადებენ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსის ორგანიზატორები.
ამიტომ, ისინი კონკურსში მონაწილე ფოტოგრაფებს ნებისმიერი ტექნიკის გამოყენების საშუალებასა და სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევენ.
გთავაზობთ სიენას საერთაშორისო ფოტოკონკურსის 2021 წლის 25 საუკეთესო ფოტოს:
წლის საუკეთესო ფოტოს ჯილდო წელს ირანელი ფოტოგრაფის ნამუშევარმა დაიმსახურა. სურათი გადაღებულია ურმიის ტბაზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანის მიჯნაზე მდებარეობს და შუა აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე დიდ ტბად მიიჩნევა. ფოტოს მისტიკურობას ბურუსით მოცული ჰორიზონტი და შავი სილუეტები ამძაფრებს. ეს კი, ნამუშევრის კონცეფციის თავისუფალად ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ამ ფოტომ სიენას საერთაშორისო კონკურსის ექსპერიმენტულ კატეგორიაში გაიმარჯვა. ნამუშევარი ზოგადსაკაცობიო უნარის – ადაპტაციის დადებით მხარეებს წარმოაჩენს. სურათის წინა პლანზე წარმოდგენილი ფიგურები რეალური ადამიანების ფოტოებია. მშოფთვარე, ურბანულ გარემოში ცხოვრების მიუხედავად, ისინი სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ სტილს ინაჩუნებენ.
„როდესაც კლოდინი ყავას სვამს, მას ხშირად ზღვაზე ეფიქრება“ – ასეთია ნამუშევრის სრული სახელწოდება. ფოტო კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ეხმიანება. ის, ერთი მხრივ, შინ ყოფნით გამოწვეულ უსაფრთხოების განცდას, მეორე მხრივ კი, ფიზიკური თავისუფლების მოთხოვნილებას გამოხატავს.
როგორც ამ ფოტოს ავტორი აღნიშნავს, მისი ნამუშევარი მარცხისადმი ადამიანების დამოკიდებულების სიურრეალისტური მეტაფორაა. „ზოგადად, წაგების ფენომენს ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ზოგს შეუძლია შეეუგოს მარცხს და გადალახოს ის, სხვები კი სასოწარკვეთილებას ეძლევიან“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. ავტორის მიერ არაბუნებრივი ფერების გამოყენება სურათს მართლაც სიურრეალისტურ დატვირთვას სძენს, რის შედეგადაც რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი საბოლოოდ იშლება.
ეს ფოტო სამყაროს, როგორც წამიერი მომენტების ჯამს წარმოაჩენს. ფოტოგრაფის აზრით, რეალობა, რომელშიც ადამიანები ვცხოვრობთ, ჩვენი გრძნობები თუ მოგონებები სწორედ მყისიერი მოვლენების ერთმანეთთან შერწყმით იქმნება.
ადამიანები ბუნებაზე ყოველთვის ზემოქმედებდნენ, თუმცა თანამედროვე დროში – გლობალური დათბობისა და ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქაში – აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ეს ფოტო სწორედ ბუნებასა და ადამიანებს შორის დაპირისპირებას ასახავს და, ამასთან, ახალგაზრდა თაობას მოუწოდებს, იზრუნოს ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.
როგორც ფოტოს ავტორი აღნიშნავს, მისი ყურადღება უჩვეულოდ ლამაზმა სილუეტმა, ხის ტოტებზე ჩამომჯდარი ჩიტების ჯგუფმა, მიიპყრო. ამიტომაც აღმოჩნდა ეს კადრი ფოტოგრაფის ობიექტივში.
ამ ფოტო-ნამუშევარმა სიენას საერთაშორისო კონკურსში თავისუფალი თემის კატეგორიაში გაიმარჯვა. სურათი კოვიდ-პანდემიის დასაწყისშია გადაღებული – მაშინ, როდესაც, ავტორის თქმით, კაცობრიობა საყოველთაო შიშმა მოიცვა და ყველა დაგვაფიქრა იმაზე, რომ ადამიანებს ბუნებრივი რესურსების მიმართ ექსპლოატატორული დამოკიდებულება გვაქვს.
ამ ნამუშევრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი ინსპირაციის წყაროდ კორეის დამაარსებელი ჩოსონების დინასტიის ერთ-ერთი პრინცესას შესახებ გადაღებული ფილმი იქცა. ფოტოში სამეფო კარის წარმომადგენლებს კორეული ეროვნული სამოსი – ჰანბოკი – აცვიათ. ფოტოგრაფი ტრადიციული და სიურრეალისტური ელემენტების საინტერესო სინთეზს გვთავაზობს.
ეს ნამუშევარი თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებს ეხმიანება. სურათზე წარმოდგენილი ტალღები პოლიეთილენის პარკებისგან არის შექმნილი და ადამიანებს გვახსნებს, რომ ძალიან ხშირად ჩვენი ქცევები უარყოფითად მოქმედებს ზღვებსა თუ ოკეანეებზე.
ეს ფოტო ბრიტანელი სიურრეალისტის – ჯონ მელვილის – ნახატებით არის შთაგონებული. ფოტოგრაფის თქმით, მისი მიზანია აჩვენოს, როგორია შემოქმედებითი ადამიანის შინაგანი სამყარო და გადმოსცეს, რა ხდება ხელოვანის გონებაში.
ამ ფოტომ გაზაფხულის ბუნიობის კრეატიული რეპრეზენტაციის გამო თავისუფალი თემის კატეგორიაში დაიმსახურა მოწონება.
აღნიშნული ფოტო ჰოლანდიური ფერწერის ოქროს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლისა და, ზოგადად, ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის – რემბრანტის – შემოქმედებით არის ინსპირირებული.
ეს ნამუშევარი ადამიანის ეგოცენტრული სურვილების ბუნებას ასახავს და თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს, სოციალური უთანასწორობის პრობლემას ეხმიანება.
როგორც ნამუშევრის სახელწოდებიდან ჩანს, ეს ფოტო გადაღებულია დუბაიში – ქალაქში, რომლის არქიტექტურა ბოლო წლების განმავლობაში წამოუდგენლად სწრაფი ტემპით ვითარდება. ფოტოგრაფმა, ფაქტობრივად, არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის ესკიზი შექმნა, კომპოზიციის ცენტრში კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი – ბურჯ ხალიფა – განათავსა.
ფოტო ერთი შეხედვით ძალიან მშვიდ სიუჟეტს აღწერს. თუმცა სინამდვილეში ეს ნამუშევარი 2020 წლის გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს – პერიოდს, როდესაც ადამიანებმა უარი თქვეს თავიანთ სოციალურ ცხოვრებაზე და იძულებულნი გახდნენ თავიანთ „გალიებში“ შეკეტილიყვნენ.
ამ ფოტოს მთავარი გზავნილია, რომ დედამიწის რესურსები ამოწურვადია და გარესამყაროს მიმართ მუდმივად მომხმარებლური დამოკიდებულება ჩვენს პლანეტას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ეს ფოტო დამთვალიერებელში უდავოდ სიწყნარისა და სიმშვიდის შეგრძნებას აღძრავს. სწორედ ამის გამო დასახელდა ის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად „Still life“ კატეგორიაში.
აღნიშნული ნამუშევარი კონცეპტუალური კატეგორიის გამარჯვებულად დასახელდა. საკუთარი ფოტოს კონცეფციაზე საუბრისას ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანები საკუთარ გონებას ჩიხში შეყავს. ამის გამო ზოგჯერ ჩვენ ვეღარ აღვიქვამთ სამყაროში არსებულ უსაზღვრო შესაძლებლობებს. „საით მიდის ადამიანი, თუკი ყველა გზა ბუნდოვანია?“ – ეს ფოტო სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებისკენ გვიბიძგებს.
ამ შემთხვევაში, ფოტოგრაფის მიზანია შეგვახსენოს, რომ მსოფლიოს გარშემო ადამიანები სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ. ზოგს თავისუფლება დაბადებიდან ნაბოძები აქვს. ზოგს კი მის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლის გადატანა უწევს.
აღნიშნული ნამუშევრის მთავარი გზავნილი სიყვარულია. ფოტოს ავტორი, ქუდს, რომელსაც ტრადიციულად მხოლოდ თავსაბურავის დანიშნულება აქვს, ორიგინალურ ფუნქციას ანიჭებს – მისი საშუალებით გულის ფორმას ქმნის. ფოტოგრაფი საკუთარ შემოქმედებით ხედვასა თუ ნამუშევრის კონცეფციას კრეატიულად, ზუსტად და მინიმალისტურად გადმოსცემს.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანებს მათთვის ძვირფასი მოგონებების, გრძნობებისა თუ ადამიანების გაშვება, მათგან განთავისუფლება უწევთ. ეს მარტივი სულაც არ არის – პირიქით, ზოგჯერ, შესაძლოა, შეუძლებლადაც მოგვეჩვენოს. აღნიშნული ფოტოს მიზანი სწორედ ამ სირთულეების ვიზუალური რეპრეზენტაციაა.
დღესდღობით აღარავინ დავობს იმაზე, რომ თამაში ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბავშვები, რომლებიც უფროსების მინიმალური მეთვალყურეობით, დამოუკიდებლად თამაშობენ, ბევრად თავდაჯერებულ ზრდასრულებად ყალიბდებიან, თავიანთი გრძნობებისა და ქცევების კონტროლი უადვილდებათ. ეს ფოტო სწორედ თამაშის ფენომენის მნიშვნელობას გვახსენებს.
ამ ნამუშევარმა აბსტრაქციის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ მას ჩანგლის აბსტრაქტული, გეომეტრიული თვისებების წარმოჩენა სურდა. ამიტომაც ეცადა, დამთვალიერებლების ყურადღება ამ თითქოსდა უბრალო ნივთის ესთეტიურ მხარეზე, მის ელეგანტურობასა და სიმეტრიულობაზე მიეპყრო.
აღნიშნულმა ფოტო-ნამუშევარმა, რომელიც იორდანიის დედაქალაქის, ამანის ხედით არის შთაგონებული, ასევე აბსტრაქციის კატეგორიაში დაიმსახურა მოწონება.