2018 წელს კანადის ინიციატივით დიდი შვიდეულის გენდერული თანასწორობის მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა. შედეგად, გენდერული თანასწორობა გაერთიანების ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად იქცა – მსოფლიო ლიდერები სამოქმედო გეგმასა და რჩევებს ექსპერტებისგან იღებენ.
მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებულ დიდი შვიდეულის სამიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გოგონების განათლება სამიტის წამყვან პრობლემად განსაზღვრა. აღსანიშნავია მისი სიტყვები, რომ მსოფლიო უნდა გადაეწყოს უფრო გენდერულად ნეიტრალურ ან ფემინურ მოდელზე.
იმ გოგონების რაოდენობა, ვინც პანდემიის შემდეგ სკოლაში ვერ დაბრუნდება იუნესკოს მიხედვით 11 მილიონია, ხოლო მალალას ფონდის მიხედვით, 20 მილიონი. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოზარდ გოგონებს სწავლის შეწყვეტის განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ. კვლევამ ცხადყო, რომ პანდემიის პერიოდში მეურვეობის ტვირთმა მოზარდ გოგონებზე გადაინაცვლა, განსაკუთრებით უმცროსი დედმამიშვილების მოვლის პასუხისმგებლობამ. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ბრიტანეთის მთავრობამ £430 მილიონი გამოყო, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში (ღარიბი ქვეყნების) განათლების სფეროს მოხმარდება – აქცენტი გაკეთდება გოგონების სწავლებაზე.
დიდი შვიდეულის სამიტი, სწორედ დიდი ბრიტანეთის რეფორმის შემდეგ გაიმართა. რეფორმა გულისხმობს მთავრობის მიერ უცხოური დახმარების (მშპ-ს) 0.7%-დან, 0,5%-მდე შემცირებას. გლობალური განვითარების ცენტრის ანალიზის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ხარჯი განათლების სფეროზე 40%-ით შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. ამასთანავე, ხელისუფლებამ შეწყვიტა ბევრი გენდერულ თანასწორობაზე ფოკუსირებული პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება.
აღნიშნულ სამიტზე, გენდერული თანასწორობის მრჩეველთა საბჭომ 14 რეკომენდაცია გამოაქვეყნა, აქედან ერთ-ერთი სწორედ გოგონების განათლებას ეხებოდა. თუმცა, დიდი შვიდეულის წევრებმა ძირითადად კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კლიმატის ცვლილებებზე იმსჯელეს.