სანამ კრისტიან ლუბუტენი, ცნობილი ფრანგი დიზაინერი გახდებოდა და მსოფლიოს მის მიერ შექმნილი წითელძირიანი ფეხსაცმლით დაიპყრობდა, სკოლაში არც თუ ისე კარგი მოსწავლე იყო. ყველაფერი კი ერთ-ერთ მუზეუმში დიზაინერის ვიზიტით დაიწყო, როდესაც მან სტუდენტების მიერ გაკრული აბრა დაინახა. აბრა ქალებს „წვეტიანი“ ფეხსაცმლის ტარებას უკრძალავდა. ლუბუტენი მაშინ მიხვდა, რომ შეეძლო შეექმნა რაღაც განსხვავებული – „მსურდა ისეთი რამ შემექმნა, რაც წესებს დაარღვევდა, ქალებს კი ძალას და თავდაჯერებულობას მიანიჭებდა“. ასე დაიწყო ისტორია ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და ფანტაზიებით სავსე დიზაინერზე, რომლის ფეხსაცმელსაც სიამაყით ატარებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები.
დღეს კრისტიან ლუბუტენი აქტიურად არის ჩართული მოდის, პარფიუმერიის და სილამაზის სფეროებში; იბრძვის თანასწორუფლებიანობისთვის და წარმოგიდგენთ სპეციალურ კოლექციას „Walk A Mile in My Shoes“, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი რამ, რისთვისაც ბრძოლა საჭიროა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი რასიზმია, რომელთან დაპირისპირებაშიც ცნობილ დიზაინერსაც სურს თავისი წვლილის შეტანა.
დიზაინერმა მეგობრებთან, იდრის ელბასა და საბრინა ელბასთან ერთად გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური კოლექცია, რომლის მიზანი იქნება არა უფრო ზღაპრული დიზაინის შექმნა, არამედ მთელი რიგი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და აფრიკის ქვეყნებში.
პროექტი შეიქმნა იმ იდეით, რომ გავიხსენოთ და კვლავ ყურადღება გავამახვილოთ პრობლემებზე, რომლებიც გასულ ზაფხულს ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ წარმოიშვა, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, ეს ყურადღება იკლებს. კრისტიანს კი ამის პრევენცია სურს და იყენებს იმ ძალას, სფეროს, რაც აქვს და ყველაზე უკეთ გამოსდის – ნიჭი, სახელი და გავლენა.
კოლექცია მოიცავს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზს. პროდუქტის უნიკალურობა კი ერთი შეხედვით ჩანს.
„Walk A Mile in My Shoes“ კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება 16 ივნისიდან.