ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას, მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
1936 წელს, ქუთაისში დაბადებული რეზო გაბრიაძე, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა იყო მწერალი, ილუსტრატორი და მოქანდაკე. 1964 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება), ხოლო 1967 წელს – მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.
მისი ფილმოგრაფია აერთიანებს ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმებს:„არაჩვეულებრივი გამოფენა”, „შერეკილები”, „ფეოლა”, „ქვევრი”, „მიმინო” და „ქინ-ძა-ძა”. რეზო გაბრიაძე გახლდათ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და სხვა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
1981 წელს მან თბილისში, შავთელის N13-ში, დააარსა მარიონეტების თეატრი (იგივე გაბრიაძის თეატრი). აქ მან დადგა ძალიან ბევრი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სპექტაკლი, როგორებიცაა: „ალფრედი და ვიოლეტა”, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, „რამონა”, „სტალინგრადი”…