ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დასძლია საფრანგეთის ღია პირველობის „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითად ბადეში მოხვდა.
24 მაისს გორგოძემ კორტზე მექსიკელი ჩოგბურთელი, რენატა სარასუა სამ სეტში 6:2 – 4:6 – 6:4 დაამარცხა. მომდევნო თამაში ეკატერინე გორგოძემ ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან გამართა და ორ სეტში, 7:6 – 7:3 დაამარცხა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური თამაში გორგოძემ ესპანელი ნურია პარისას-დიასის წინააღმდეგ ითამაშა. ქართველმა მოთამაშემ 1 საათსა და 31 წუთში, ორ სეტში დაამარცხა ოპონენტი ანგარიშით 6:3 – 6:4.
ჯერჯერობით უცნობია ვის წინააღმდეგ და როდის ითამაშებს ქართველი ჩოგბურთელი როლან გაროსის პირველ რაუნდს. თუმცა, ძირითად ბადეში მოხვედრისთვის ის გარანტირებულად მიიღებს 60,000 ევროს.
ცნობისთვის, 29 წლის ეკატერინე გორგოძე WTA რეიტინგში, 24 მაისის მონაცემებით, 222-ე პოზიციაზეა. აღნიშნულ რეიტინგში მას ყველაზე მაღალი – 144-ე – პოზიცია 2019 წლის 15 ივლისს ეჭირა. WTA TOUR-ის ცნობით, კარიერის განმავლობაში ქართველ ჩოგბურთელ ქალს პრიზების სახით ჯამში $396,065 აქვს მიღებული.
როლან გაროსზე თამაშობდა კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ქალი, მარიამ ბოლქვაძე. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში მან უკრაინელი კატერინა ბონდარენკოს წინააღმდეგ ითამაშა და ორ სეტში, 6:4 – 6:3 დაამარცხა. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე თამაში ბოლქვაძის დამარცხებით დასრულდა.
წელს როლან გაროსის პირველობის საერთო საპრიზო ფონდი 34.4 მილიონი ევროა.