ლუვრის მუზეუმს, ისტორიაში პირველად, ქალი უხელმძღვანელებს

მსოფლიოში ცნობილ ლუვრის მუზეუმს 228-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ეყოლება ქალი ხელმძღვანელი. დე კარი ამჟამად ორსესა (Musée d’Orsay) და ორანჟერეის (Musée de l’Orangerie) მუზეუმების ხელმძღვანელია.

Photo Credits to MATTHIAS BALK / AP IMAGES

ლორანს დე კარი მე-19 საუკუნის ფერწერის ექსპერტია. 1994-2007 წლებში ორსეს მუზეუმში კურატორად მუშაობდა, ამავე მუზეუმს 2017 წლიდან, ხოლო ორანჟერეის მუზეუმს კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

აღნიშნულ პოზიციაზე დე კარის დანიშვნა ლუვრის მუზეუმისთვის ცვლილებებს მოასწავებს – ყოფილი დირექტორი, ჟან-ლუკ მარტინესი ინარჩუნებდა კონსერვატულ ხედვას და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მუზეუმი რჩებოდა „კლასიკურ მუზეუმად“, სადაც ისტორიულად ცნობილი გამოფენები იმართება. განსხვავებული მიდგომა ჰქონდა მარტინესის წინამორბედს, ჰენრი ლოირეტს – მისი ხელმძღვანელობისას მუზეუმში ხელოვნების თანამედროვე ნიმუშების გამოფენებიც ეწყობოდა. სავარაუდოა, რომ დე კარის ხელმძღვანელობის ქვეშ მუზეუმი სწორედ ამ მიდგომით იმუშავებს.

ამ მოსაზრებას მხარს უჭერს საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებაც. გავრცელებულ პრესრელიზში მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ დე კარი წარმატებით შეძლებს წარსულისა და თანამედროვეობის დაკავშირებას მუზეუმის კედლებში.

საგულისხმოა, რომ წამყვან ფრანგულ მუზეუმებს ან საერთოდ არ ჰყოლიათ ქალი დირექტორები, ანაც მსგავსი შემთხვევები იშვიათია. ლორანს დე კარი ორსეს მუზეუმისთვისაც პირველი ქალი ხელმძღვანელი იყო. საყოველთაოდ ცნობილ პომპიდუს ცენტრსაც (Centre Pompidou)  ერთადერთი ქალი ხელმძღვანელი ჰყავდა – ელენ ავეილერი 1989-1991 წლებში.

დე კარი ხშირად მოუწოდებდა სხვადასხვა ინსტიტუციებს, შეეთავაზებინათ ხელმძღვანელი პოზიციები ქალი ლიდერებისთვის. 2018 წელს New York Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „ეს ყველაფერი ოფიციალური ინსტიტუციების უმოქმედობის შედეგია – ისინი არ გამოარჩევენ ქალ ლიდერებს, არ ეხმარებიან მათ თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. ამის მიზეზი კი კულტურული ჩვევებია, რომელიც ღრმად არის გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში… ქალებმა უნდა დაძლიონ ეჭვები საკუთარი თავის მიმართ, უნდა უთხრან თავიანთ თავს – მე ეს შემიძლია. ახლა ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში ამისთვის შესაფერი დრო დგას. მზად ვარ ამ ყველაფრისთვის.

ცნობისთვის, ლორანს დე კარი მუზეუმის დირექტორად პრეზიდენტმა მაკრონმა შეარჩია და ის თავისი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.