ქეთი მაჭავარიანის ფილმის წარმატება დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე

ქართველი რეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი „მზიური“ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (Best Mid-Length Documentary Honorable Mention) დაიმსახურა.

Hot Docs დოკუმენტური ფილმების ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალია. ყოველწლიურად ფესტივალზე კანადიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან 200-მდე დოკუმენტური ფილმი შეირჩევა ჩვენებისთვის.

„ფილმის ავტორი წარმოგვიდგენს მომხიბლავი პერსონაჟის პორტრეტს, რომელიც გარდაიქმნება ტრანზიციაში მყოფი საზოგადოების კომპლექსურ და თანალმობით ხედვად. ფილმში ბევრი კითხვაა დასმული, პასუხი კი რამდენიმეზეა გაცემული – მიუხედავად ამისა, მთელს ამ კომპლექსურობაში კაცთმოყვარეობის მშვენიერი, ემპათიით გაჟღენთილი ხედვაა წარმოდგენილი“, – ვკითხულობთ ჟიურის შეფასებაში.

„რეალურად, ეს არის სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების ნამდვილი კითხვარები. სწორედ ამ გზით ვეცნობით ჩვენს ქვეყანას, თანამოქალაქეებს – რაზე ფიქრობენ, რა შეხედულებები აქვთ სხვადასხვა თემებზე. გარდა ამისა, ვხვდებით განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებულ გარემოში, ინტერიერში – ამ გზით ვახერხებთ ადამიანების ვუაერისტული ვნებების დაკმაყოფილებას, შეიხედონ შუშის მიღმა“ –  განაცხადა მოამბესთან ქეთი მაჭავარიანმა.

„ფილმი გვიამბობს ქალის შესახებ, რომელიც ადამიანებს მათ საცხოვრებელ სახლში სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად სტუმრობს. უნდა იყოს თუ არა უმცირესობათა უფლებები დაცული? რას ფიქრობთ აბორტზე? გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე სირცხვილი, იმიტომ, რომ ქართველი ხართ? – ეს ის კითხვებია, რომელსაც ფილმის მთავარი გმირი სვამს. სიუჟეტი მაყურებელს საშუალებას აძლევს თბილისის ბინებში შეიხედოს და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების მონაწილე გახდეს. „ინტერვიუს დროს გაცემული პასუხებიდან პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს დამაინტრიგებელი პორტრეტი იკვეთება. ნიუანსებითა და დეტალებით, „კადრს მიღმა“ არსებული შეხედულებები გარკვეულწილად ქვეყნის მცხოვრებთა არასასურველ და დამამცირებელ სიმართლეს ამხელს“- ასე აფასებს რეჟისორი ვივიან ბელიკი ნამუშევარს.

ფილმი 2018 წელს, ფესტივალის „CinéDOC-Tbilisi“ ფარგლებში არსებულ Civil Pitch-ზე მოგებული „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაარსებული ფულადი პრიზით გადაიღეს.

ქეთი მაჭავარიანმა ფილმზე ცისანა ხუნდაძესა (იდეის ავტორი და პროდიუსერი) და ნატო სიხარულიძესთან (პროდიუსერი) ერთად იმუშავა.