რთული წლის შემდეგ, რომელიც ყველამ გამოვიარეთ, ახლა ბიზნესის დაწყება შესანიშნავი იდეაა. სამუშაო გარემო რადიკალურად შეიცვალა, შემოვიდა ახალი ინოვაციები და სოციალური პლატფორმები. დისტანციურად მუშაობაზე უფრო მეტად ადაპტირებული გავხდით, ეს კი ხელს უწყობს ახალი, განსხვავებული ბიზნეს იდეის მარტივად განხორციელებას.
ბრუკ ვორისი, AAWP-ის სერტიფიცირებული ქორწილის ორგანიზატორი და „Brooke Voris Weddings“–ის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ახლა შესაფერისი დროა მათთვის, ვისაც რუტინული სამსახურიდან თავის დაღწევა და ახალი საინტერესო საქმიანობის წამოწყება სურს. ბრუკ ვორისი წარმატებული კომპანიის მართვის პარალელურად სხვა მეწარმეებს საქორწილო ბიზნესის წარმართვაში ეხმარება.
ბრუკი გვიზიარებს ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო 6 რჩევას, რადგან იმედოვნებს, რომ ეს დაეხმარება დამწყებ ინდმეწარმეებს საკუთარი მიზნების განხორციელებასა და წარმატებისკენ მიმავალი რთული გზის შედარებით გამარტივებაში.
პირველ რიგში, წარმატების მისაღწევად აუცილებელია არსებულ გარემოს მოვერგოთ, თუმცა ამისთვის არასდროს უნდა შევცვალოთ ან შევამციროთ ჩვენი სტანდარტები. სანაცვლოდ, საჭიროა შემოქმედებითი გზის პოვნა სასურველის მისაღებად. წარმატებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნა. ჩვენ გარემო ყოველთვის გვიკარნახებს იმას, რაც საჭიროა წინსვლისთვის, მაგრამ ის არასდროს უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ჩვენს ღირებულებებთან.
იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენვე უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შეგვიძლია. ბრუკ ვორისის რჩევით, არასოდეს უნდა მივცეთ საშუალება სხვას, რომ ჩვენი ბედი განსაზღვროს. ან ნება დავრთოთ, მათი აღქმა გახდეს ჩვენი რეალობა, რადგან ხშირად ახლობლებმა, რომლებსაც ერთი შეხედვით ჩვენთვის საუკეთესო სურთ, არ იციან, რომ მათი შეხედულებები სრულ წინააღმდეგობაშია ჩვენს სურვილებთან. ბრუკი გვირჩევს, რომ ვიყოთ საკუთარი თავის ერთგული, პატივი ვცეთ ჩვენს შეხედულებებსა და მისწრაფებებს.
მესამე აუცილებელი პირობა, რაც წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს არის საკუთარი თავის ნდობა. ხშირად ბიზნესმენები საკუთარ თავს შექების ნაცვლად განსჯიან, რადგან ეშინიათ იმედგაცრუების, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა. პოზიტიურ აზროვნებას მთელი დღის შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ბიზნესს წარმართავს, საკუთარ თავს უთხრას, რომ მას გააჩნია სულისკვეთება იმისთვის რომ წარმატებული ბიზნესმენი იყოს. ამ განწყობის შენარჩუნება აუცილებელია მაშინაც კი, როდესაც შეიძლება განსხვავებულად ვგრძნობდეთ თავს.
ეს შეიძლება კლიშედ მოგეჩვენოთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ძვირფასი დრო ინსპირაციული ციტატების მოძებნაში დავხარჯოთ, სჯობს უკეთ გამოვიყენოთ ეს დრო იმის გაანალიზებაში, თუ რა არის საჭირო წარმატებისთვის. საკუთარი შეცდომებისგან სწავლა წარმატებული ბიზნესმენის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა, ამიტომ საკუთარი შეცდომების ჩვენივე სასარგებლოდ გამოყენება უნდა ვისწავლოთ.
ბრუკის რჩევით, არასდროს უნდა მივცეთ საკუთარ თავს, ჩვენს შესაძლებლობებში დაეჭვების საშუალება. მოაზროვნე ადამიანი მუდამ უნდა ცდილობდეს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფიქრები, რომლებიც ეჭვებს იწვევს და ხელს უშლის მას წარმატების მიღწევაში. ამ შემთხვევაში უდიდეს დახმარებას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციის დაბრუნებაში დაგვეხმარებიან მაშინ, როდესაც საკუთარი თავის რწმენას დავკარგავთ.
და ბოლოს, ნებისმიერი საქმიანობისას აუცილებელია ვისიამოვნოთ ცხოვრებით, მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულდება. ბრუკ ვორისის აზრით, ბიზნესმენები უძლიერესი ხალხია, რომლებსაც გამოვლილი აქვთ უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა, თუმცა ისიც იციან, რომ ეს წარმატებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის, ამიტომ ყველას მოუწოდებს, რომ იცხოვრონ დღევანდელი დღით და მიიღონ სიამოვნება ცხოვრებით.