CANVA – ბიზნესი, რომლის ღირებულებამაც 15 მილიარდ დოლარს მიაღწია

დიზაინერულმა პლატფორმამ, რომლის შემოსავლების მაჩვენებელმაც პანდემიის პერიოდში 6 მილიარდ დოლარს მიაღწია, წელიწადზე ნაკლებ დროში ახალი შედეგი აჩვენა. ბიზნესის ღირებულება 150 პროცენტით გაიზარდა, რამაც მისი ორი თანადამფუძნებელი მილიარდელებად აქცია.

Photo Credits to MEDIUM

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მელანი პერკინსია, ხოლო ოპერაციების დირექტოი კლიფ ობრექტი. Forbes-ის მონაცემებით, მელანი და კლიფი, რომლებიც 2021 წლის იანვარში დაქორწინდნენ, ინვესტიციის დასაწყისში ცალ-ცალკე პლატფორმის 15პროცენტიან წილებს ფლობდნენ. 15-მილიარდიანი ღირებულებიდან კი წყვილს ამჟამად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის.

თუმცა, თანხის დახარჯვას ისინი პირადი მიზნებისთვის სულაც არ გეგმავენ. ერთ-ერთ ინტერვიუში კლიფმა განაცხა, რომ წყვილი უკვე აქტიურადაა ჩართული ფონდის შექმნის პროცესში, რომელიც ორიენტირებული იქნება კლიმატური ცვლილებებისა და გლობალური უთანასწორობის პრობლემების აღმოფხვრისაკენ. „ფულის გადანახვა და დაგროვება ჩვენი სტილი სულაც არ არის“ – ამბობს ობრექტი და ამტკიცებს, რომ მათთვის მთავარი მოტივაცია ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც ხალხს უყვარს.: „ის, რაც ჩვენ მოტივაციას გვაძლევს, არის პროდუქტი, რომელიც ხალხს უყვარს… და სიმდიდრე, რომელიც ამ პროცესში წარმოიქმნება, გვინდა, რომ ისევ მსოფლიოს დავუბრუნოთ.“

Canva-ს პლატფორმა 2013 წელს ამოქმედდა. ეს ის პერიოდია, როდესაც მესამე თანადამფუძნებელი, კამერონ ადამსი პერკინსსა და ობრექტს შეუერთდა. მალევე მცირე აუდიტორიისათვის ნაცნობი ბიზნესი გლობალურ პროდუქტად გადაიქცა და 2019 წლის დეკემბერში, როდესაც პერკინსი Forbes-ის გარეკანზე მოხვდა, პლატფორმა დაახლოებით 20 მილიონ მომხმარებელს ითვლიდა. ადამსის თქმით (რომლის წილიც ამ ბიზნესში ჯერ-ჯერობით უცნობია) დღეის მონაცემებით, Canva-ს 55 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, საიდანაც 3 მილიონი ადამიანი სპეციალური ფასიანი მომსახურებებით სარგებლობს. პლატფორმა მარტივი და მოქნილი დიზაინერული სისტემის დახმარებით გახდა ცნობილი, რამაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული აქტივობებისთვის საჭირო ქარდებისა და სურათების შექმნის პროცესი გაუმარტივა. დროთა განმავლობაში Canva ერთგვარ კოლაბორაციულ მომსახურების პაკეტად გარდაიქმნა.

Canva ირწმუნება, რომ შემოსავლების სიდიდით აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის 85%-ზე მეტი მათ პლატფორმას იენებს. მიუხედავად ამისა, პლატფორმას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რათა უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწიოს. კანვას მომხმარებლები არიან: American Airlines, Kimberly-Clark, McKinsey და Salesforce.

Canva გეგმავს, რომ ინვესტიცია კვლავ პროდუქტის განვითარებაში ჩადოს. რაც თავისთავად მეტი ადამიანის დაქირავებასაც გულისხმობს. სიდნეის მთავარი ოფისის შემდეგ, სიდიდით მეორე ოფისი მანილაშია. თუმცა კომპანიამ ოსტინში, ტეხასში ახალი ოფისი გახსნა და სან-ფრანცისკოს ფილიალისთვისაც არც თუ ისე მცირე რაოდენობის პერსონალი დაიქირავა.