მთელს მსოფლიოში 649 მილიონი ვაქცინის დოზაა განაწილებული. Bloomberg-ისა და The New York Times-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, აშშ-ის დიდი პროგრესის მიუხედავად, არსებობენ ქვეყნები, სადაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი.
აშშ-მა გამოიყენა კორონავირუსის ყველაზე მეტი ვაქცინის დოზა მსოფლიოში. შედეგად, მოზრდილთა 40%-ზე მეტი და უფროსების 75% ნაწილობრივ მაინც არის აცრილი. შეერთებულმა შტატებმა დააჩქარა ვაქცინების გავრცელების პროცესი და შაბათს ერთდღიანი რეკორდი დაამყარა. ბოლო კვირის განმავლობაში მიღებული დოზების საშუალო რაოდენობა 3.08 მილიონამდე გაიზარდა.
ამ დროისთვის, აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ნიუ-მექსიკოში, სადაც უკვე აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 50%-ზე მეტი.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ვაქცინების რაოდენობა მაისის ბოლოს უკვე ყველა ამერიკელის ასაცრელად იქნება საკმარისი, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მაისის შუა რიცხვებში მიწოდების რაოდენობა აშშ–ში მოთხოვნის რაოდენობას გადააჭარბებს.
4 აპრილის მონაცემებით, აშშ-მა 165 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენა. მას მოსდევს ჩინეთი, ინდოეთი და გაერთიანებული სამეფო. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ვაქცინის 49 დოზა მოდის 100 კაცზე, სჯობნის ისრაელი (113) სეიშელის კუნძულები (105), არაბთა გაერთიანებული საემიროები (89) და სხვანი.
ისრაელში ცხრა მილიონზე მეტი მოსახლეობის 53,2%-ის სრულად, ხოლო 58,1%-ის ნაწილობრივი ვაქცინაცია უკვე დასრულებულია. ამ მხრივ ისრაელს მოსდევს სეიშელის კუნძულები.
ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით ნელა მიმდინარეობს ეგვიპტეში, მალში, ვენესუელაში, ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში, სადაც აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი 100 კაცზე 0.1-ზე ნაკლებია. ამასთან, New York Times-ის მონაცემებით, მინიმუმ 30 ქვეყანას არ გაუკეთებია ვაქცინა ერთი ადამიანისთვისაც კი.