კოსოვოში ცვლილებებია – პრეზიდენტის პოსტს ვოისა ოსმანი დაიკავებს. აღნიშნული ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა – მას სამხედრო დანაშაულების ჩადენაში სდებენ ბრალს.
ოსმანი 38 წლისაა, პროფესიით იურისტი პარლამენტის მეთაურის პოსტს იკავებდა, შემდეგ კი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. მის კანდიდატურას მხარი პრემიერმა ალბინ კურტმაც დაუჭირა. ორივე მათგანი ახალი პოლიტიკური თაობის წარმომადგენლები არიან და ცდილობენ, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები ქვეყანაში. ალბინ კურტმა ტვიტერის საშუალებით აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ოსმანი ღირსეული კანდიდატია, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება ქვეყანას, კოსოვო ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა საერთაშორისო აღიარებისთვის დღემდე იბრძვის. სერბეთი კვლავ არ თმობს პოზიციას და ხელს უშლის ქვეყანას, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი შანსი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
ევროკავშირი ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას და 10 წლის წინ მათ მოლაპარაკებებიც დაიწყეს. ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები აღიარებენ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხოლო ჩინეთი და რუსეთი მხარს სერბეთს უჭერენ. ამ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება ქვეყნის ისტორიაში მეორე ქალ პრეზიდენტს, ვოისა ოსმანს. მას ეს, სავარაუდოდ, არ გაუჭირდება, რადგან კოსოვოს მედია ქალს უშიშარს უწოდებს.