11 წლის აღმასრულებელ დირექტორს სურს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებს კოდირება შეასწავლოს. სამაირა მეჰთა, ახალგაზრდა გოგონაა დიდი მიზნებითა და სურვილებით. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.
სამაირა თავს ჩვეულებრივ ახალგაზრდა გოგონად მიიჩნევს. უყვარს გიტარაზე დაკვრა, სიმღერა და ბავშვებთან ერთად თამაში. თუმცა ის, რაც მეჰთას მისი ასაკის ბავშვებისგან გამორჩეულს ხდის, მისი პოზიციაა – CEO.
შვიდი წლის ასაკში სამაირამ შექმნა სამაგიდო თამაში სახელწოდებით CodeBunnyz, რომელიც კოდირების საბაზისო კონცეფციებს ასწავლის. ორი წლის შემდეგ, მან გამოუშვა CoderMindz და მას მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე სამაგიდო თამაში უწოდა. კომპანიის თანადამფუძნებელი, მეჰთას დედა ორივე თამაშს ყიდის და კომპანიები, როგორებიცაა Walmart და Facebook მას პარტნიორობას უწევენ, რათა თამაშები ბიბლიოთეკებსა და სკოლებს საჩუქრად გადასცენ. ახალგაზრდა მეჰთა ასევე არის ინიციატივის Yes, 1 Billion Kids Can Code დამაარსებელი. ინიციატივის ფარგლებში 2030 წლისთვის ის გეგმავს, რომ კოდირების პროცესში მილიარდი ბავშვი ჩართოს.
მეჰთას კოდირების მიმართულებით სხვადასხვა კომპანიაში 150-ზე მეტი ვორქშოფი აქვს ჩატარებული, მათ შორის Google-ში, Microsoft-სა და Intel-ში. ის ასევე სიტყვით გამოსულა 50-ზე მეტ კონფერენციაზე. მას უფრო დიდი ოცნებებიც აქვს მომავლისთვის, ისეთი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა. სამაირას სურს და დამაჯერებლად საუბრობს თავის მიზანზე, ტექნოლოგიურ სფეროში გენდერული დისბალანსი შეამციროს.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
მეჰთა მხოლოდ 6 წლის იყოს, როდესაც კოდირებით დაინტერესდა. ინჟინერმა მამამ მას კომპიუტერში სახალისო „თასქი“ აჩვენა. ეკრანის ცენტრში იყო წითელი წარწერა „დააჭირე თუ ხარ ლამაზი“, რომელზეც დაჭერის შემდეგ წარწერა ქრებოდა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ სამაირამ შენიშნა, რომ წარწერა მართლაც გაქრა. მეჰთას სწორედ ამ პატარა ხუმრობამ გაუჩინა ინტერესი, გაეგო თუ რისი დახმარებით სრულდებულოდა აღნიშნული ოპერაცია.
მეჰთა ამბობს, რომ კოდირების პროცესი სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა ამჩნევდა იმასაც, რომ მის მეგობრებს მსგავსი ინტერესები არ გააჩნდათ და გაუჩნდა კითხვა, თუ რა იყო ამის მიზეზი. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ სამაგიდო თამაშებისა და კოდირების სიყვარული გააერთიანებინა და CodeBunnyz შეექმნა. საცდელად კი ეს ყველაფერი მეგობრებს გაუზიარა. როდესაც შეამჩნია, რომ მისი თანატოლები ამ პროცესით ისევე დაინტერესდნენ, როგორც ის, სურვილი გამოთქვა, რომ გამოცდილება სხვა ბავშვებისთვისაც გაეზიარებინა და ვორქშოფები ჩაეტარებინა.
სამაირა ამბობს, რომ ერთადერთი დაბრკოლება, რაც ამ დროის განმავლობაში ჰქონია, ასაკობრივი ფაქტორია. „ადამიანები სხვანაირად გიყურებენ, როდესაც ხედავენ, რომ ხარ ახალგაზრდა და თან გოგონა. ის მხოლოდ 11 წლის არის, რა შეუძლია მას? ალბათ, სწორედ ამას ფიქრობენ, თუმცა მიმაჩნია, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ამისთვის იშრომებ“- ამბობს ის. მისთვის მისაბაძი მაგალითები გრეის ჰოპერი და ადა ლავლეისი არიან. „სწორედ ადა იყო კომპიუტერული პროგრამირების შემქმნელი. თუკი ქალებს ასეთი დიდი საქმეების კეთება შეეძლოთ წარსულში, რატომ არ შეიძლება , რომ იგივე განმეორდეს ახლაც?“- ამატებს მეჰთა და იხსენებს, რომ გრეის ჰოპერი მისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
სამაირა ყველაზე დიდ მიღწევად იმ ემოციებსა და ღიმილს მიიჩნევს, რაც ბავშვებს აქვთ პირველად კოდირების მცდელობის დროს: „ასეთ დროს ვხვდები, რომ ჩემი შრომა ფასდება. ბავშები იმდენად მოტივირებულები და ჩართულები ხდებიან პროცესში, რომ ეს მაბედნიერებს“.