გლობალური პანდემიის, რასობრივი უთანასწორობისა და მწვავე საარჩევნო კამპანიის ფონზე, მსოფლიოში სიდიდით მეორე მულტინაციონალური კორპორაციის, Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს, სატია ნადელას მიაჩნია, რომ აშშ-მა კაპიტალიზმი უნდა გადაიაზროს.
„სამართლიანია, რომ დღეს, პანდემიის განვითარების ამ ეტაპზე, ჩავატაროთ „რეფერენდუმი კაპიტალიზმზე“. დროა ყველა შევთანხმდეთ, უ რა არის კორპორაციის უმთავრესი სოციალური მიზანი“, – განაცხადა სატია ნადელამ, Forbes JUST 100-ის ვირტუალურ სამიტზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისეთი კორპორაციები, როგორიც Microsoft-ია, უნდა შეფასდეს კომპანიის გარეთ შექმნილი სამუშაო ადგილებისა და ბაზარზე ეკონომიკური გავლენის მიხედვით, და არა კომპანიის შიგნით წარმოქმნილი დოვლათის შესაბამისად. ბიზნეს ლიდერებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, მიმართონ კორპორაციები ე.წ „დაინტერესებულ მხარეთა კაპიტალიზმისკენ“. გარდა ამისა, სატია ნადელა აშშ-ის მოსალოდნელ ფედერალურ არჩევნებსაც შეეხო და დონალდ ტრამპის განცხადებები გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია Microsoft-ი ძლიერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების უპირობო მხარდამჭერია.
„Microsoft-ის წარმატება, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოში, დიდწილად ამერიკული დემოკრატიის დინამიურობით არის განპირობებული. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი ბიზნესის რეპუტაცია, მათ შორის ჩვენი კორპორაციისაც, დამყარებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე“, – აღნიშნა ნადელამ.
ნადელამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის Microsoft-ი ნახშირბად-ნეიტრალური კომპანია გახდება. სევე, მან დადებითად შეაფასა LinkedIn-ის მოწოდება, ვებრძოლოთ რასობრივ დისკრიმინაციას აუქციონისტთა მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ სატია ნადელამ Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია 2013 წელს დაიკავა. მას შემდეგ, კომპანია ეკონომიკურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიზეზი კი, სწრაფად განვითარებადი, ე.წ. „ღრუბლოვანი სერვისებია“, რომლებზეც მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის დროს გაიზარდა, რადგან ადამიანთა უმრავლესობა იძულებული გახდა სახლიდან ემუშავა.