„ცალკეულად შეგვიძლია რაღაცის გაკეთება; ბევრს ერთად – ბევრად მეტის“
მეოცე საუკუნის ამერიკელი აქტივისტის და მწერლის ჰელენ კელერის ფრაზას თანამედროვე კომპანიათა მენეჯმენტის ფილოსოფიის ნაწილად ხშირად მოისმენთ. ერთი მხრივ, მოწოდების ლოგიკა მარტივია, თუმცა პრაქტიკულად მისი განხორციელება საკმაოდ რთული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რადგან მიზანი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც გუნდის, როგორც კომპლექსური სისტემის, ეფექტურ მართვას შევძლებთ.
გუნდის წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და გარემოს შესანარჩუნებლად, Harvard Business Review-ის ფართომასშტაბიან დაკვირვებათა საფუძველზე, გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე სამი მიმართულებით, რის შემდგომაც ავტომატურად გაუმჯობესდება როგორც გუნდური ორგანიზმის ნაწილი.
სამი მიმართულებაა: შინაგან განცდებზე დაკვირვება, გამოხატულ ქმედებებზე დაკვირვება და საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი.
შინაგან განცდებზე დაკვირვება მოიცავს პროცესს, როდესაც ვცდილობთ გავერკვეთ ჩვენს მამოძრავებელ მოტივებში. თუ დავსვამთ ისეთ კითხვებს, როგორებიცაა:
- რა არის ჩემი კონკრეტული ქცევის მიზეზი და მიზანი?
- რატომ შეიძლება მე ამ ნაბიჯის გადადგმა მინდოდეს?
- როგორია რეალობა და როგორ აღვიქვამ მე მას?
შევძლებთ, რომ უკეთ შევხვდეთ განსხვავებულ მოსაზრებებს და გავაანალიზებთ იმ მოტივებს, რის გამოც რომელიმე გუნდის წევრი იმავე საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა ჩვენს საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდეს.
გამოხატულ ქმედებებზე დაკვირვებისას ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქცევა მოქმედებდეს გარშემო მყოფ ადამიანებზე. კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ:
- რაში შევძელი ამ შეხვედრის დროს დახმარება?
- რას შეიძლება ვაკეთებდე ისეთს, რაც გუნდს გადაწყვეტილების მიღებაში შეუშლის ხელს?
ასევე საინტერესოა, რომ როდესაც თანაგუნდელების ქმედებებს ვაკვირდებით, მაგალითად რომელიმე მათგანის ხმის ტემბრის ცვლილებას, მათ მახასიათებელ ჟესტებს… დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოისახება განმეორებადი და გაუაზრებელი ჩვევები, რომლებიც შეიძლება, მანამდე გამიზნულად ჩვენკენ მომართულ ცუდ ტონად აღგვექვა. ასეთი დაკვირვება მოგვცემს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ რეალურად რას გულისხმობენ/გრძნობენ თანაგუნდელები.
საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი კი გვეხმარება დავინახოთ ჩვენივე სისუსტეები და მიდგომები, რომლებიც შესაძლოა, ჩვენი, როგორც თანაგუნდელის ეფექტურობას ამცირებდნენ. ხშირად ამ მიდგომებს განმეორებადი სახე აქვთ – პრობლემის სხვაზე გადაბრალება, თანამშრომლების მუდმივი კრიტიკა ან პირიქით, ჩვენს მიმართ ჯანსაღი კრიტიკის უარყოფა… ეს ყველაფერი გუნდის ეფექტურობას აფერხებს, ამიტომაა მნიშვნელოვანი, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავებს რაც შეიძლება ხშირად და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენს ქმედებაზე.
ცხადია, გუნდის მუშაობა მაქსიმალურად ეფექტური მაშინაა, როდესაც მისი თითოეული წევრი ცდილობს, გაუმჯობესდეს. ღირებული მიზნების განსახორციელებლად კი დროისა და ენერგიის ინვესტიცია საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ნამდვილად ღირს.