ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარდგენილი

კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშირისო ფესტივალზე HOTDOCS CANADIAN INTERNATIONAL DOCUMENTARY FESTIVAL რეჟისორ ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ საკონკურსო პროგრამაშია. სრულმეტრაჟიანი ფილმი კატეგორიაში „WORLD SHOWCASE“ იქნება წარდგენილი, სადაც ის კონკურენციას ამავე კატეგორიის ფარგლებში წარდგენილ ოცდათორმეტ ნამუშევარს გაუწევს.

Photo Credits to HOTDOCS

ფილმი გვიამბობს ქალის შესახებ, რომელიც ადამიანებს მათ საცხოვრებელ სახლში სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად სტუმრობს. უნდა იყოს თუ არა უმცირესობათა უფლებები დაცული? რას ფიქრობთ აბორტზე? გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე სირცხვილი, იმიტომ, რომ ქართველი ხართ? – ეს ის კითხვებია, რომელსაც ფილმის მთავარი გმირი სვამს. სიუჟეტი მაყურებელს საშუალებას აძლევს თბილისის ბინებში შეიხედოს და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების მონაწილე გახდეს. „ინტერვიუს დროს გაცემული პასუხებიდან პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს დამაინტრიგებელი პორტრეტი იკვეთება. ნიუანსებითა და დეტალებით, „კადრს მიღმა“ არსებული შეხედულებები გარკვეულწილად ქვეყნის მცხოვრებთა არასასურველ და დამამცირებელ სიმართლეს ამხელს“- ასე აფასებს რეჟისორი ვივიან ბელიკი ავტორის ნამუშევარს.

ფილმი 2018 წელს, ფესტივალის „CinéDOC-Tbilisi“ ფარგლებში არსებულ Civil Pitch-ზე მოგებული „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაარსებული ფულადი პრიზით გადაიღეს.

კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29 აპრილს დაიწყება და 9 მაისს დასრულდება.