აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კოლუმბიის სამართლის სკოლის პროფესორს, ლინა ხანს, ვაჭრობის ფედერალური კომისიის ერთ-ერთ წევრად წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ლინა ხანი ის ექსპერტია, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს ტექნოლოგიური კომპანიების ძალაუფლების უკონტროლო ზრდას. ლინამ პოპულარობა მოიპოვა 2017 წელს, როდესაც კომპანია ამაზონის შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ის მუშაობდა Open Markets Institute-ში, ასევე იყო Chopra-ს მრჩეველი.
თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება ორშაბათს გაავრცელა. ხანი 5-წევრიანი ჯგუფის წევრი გახდება. პრეზიდენტს ჯერ არ აურჩევია კომისიის მუდმივი ლიდერი. ხანის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ხაზს უსვამს ბაიდენის სურვილს, სახელმწიფო აქტიურად იყოს ჩართული ვაჭრობის სფეროში და იყოს ინფორმირებული ცვლილებების შესახებ.
მინესოტას სენატორმა, ემი კლობუჩმა, ჯო ბაიდენის არჩევანი სასარგებლოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ ამერიკას სჭირდება ახალი ხედვები მონოპოლიებთან დაკავშირებით. ხანის კანდიდატურა ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს – თავად ლინა კი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის მუშაობის დაწყებას და ძალიან მადლიერია ამ შანსისთვის.
ამჟამად ვაჭრობის ფედერალური კომისია საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, რადგან დემოკრატები და რესპუბლიკელები ხშირად ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხზე და ეს ქვეყანას აზარალებს. ბაიდენს მხოლოდ ერთი ვაკანტური თანამდებობა დარჩა ამ კომისიაში.