ინგლისელებს ერთი ძალიან კარგი ანდაზა აქვთ- „ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას.“ ცხოვრებაში ალბათ ბევრს ამის არაერთი მაგალითი გვინახავს, ან თუნდაც საკუთარ თავზე გამოგვიცდია.
შეიძლება ამ ფრაზაზე ყველას სხვადასხვა ადამიანი გაახსენდეს, მაგრამ მთავარი მაგალითი თითქოს ყოველთვის პირველი ლედია. დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა პირველი ლედის როლი. თუ ის ადრე მოიცავდა პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობას, სოციალურ მიზნებსა და ოფიციალურ და საზეიმო შემთხვევებში პრეზიდენტის წარმომადგენლობას, ახლა პირველმა ქალბატონებმა გავლენა მოახდინეს სხვადასხვა სექტორზე, დაწყებული მოდიდან, დამთავრებული საზოგადოების აზრით პოლიტიკაზე. გთავაზობთ იმ მოქმედი პირველი ქალბატონების მოკლე საქმიან ბიოგრაფიას, რომელთაც გარკვეული სახის წვლილი მიუძღვით საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის აღმშენებელობაში.
ტერმინი „პირველი ლედი“ აშშ-ში წარმოიშვა 1849 წელს, მაგრამ პირველი ქალი, რომელსაც „პირველი ლედი“ ეწოდა ჰარიეტ ლეინი იყო, აშშ-ის მეთხუთმეტე პრეზიდენტის, ჯეიმზ ბიუკენენის დისშვილი. 1877 წლიდან ეს ტერმინი საყოველთაოდ აღიარეს და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებმაც შემოიღეს ხმარებაში. ისეთ ქვეყნებში, სადაც მონარქიული მმართველობაა, პირველ ლედის პრემიერ მინისტრის მეუღლეს უწოდებენ.
ამ თემაზე საუბრისას არ შეიძლება დაგვავიწყდეს „მსოფლიოს პირველი ლედი“, ანა ელეანორ რუზველტი, რომელსაც ეს თანამდებობა ყველაზე ხანგრძლივად ეკავა ამერიკის ისტორიაში. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა რუზველტს მსოფლიოს პირველი ლედი უწოდა თავისი დამსახურებებისთვის – იგი საკუთარი უფლებების პოლიტიკური ლიდერი იყო, მხარს უჭერდა ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავისი კარიერა განაგრძო, როგორც ავტორმა და ორატორმა ადამიანის უფლებების საკითხებში.
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენი, ინაუგურაციის დღიდან ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ჯილი ქვეყნის მეორე ლედის მოვალეობას ასრულებდა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს და იყო პირველი მეორე ლედი, რომელსაც თეთრი სახლის გარეთ ჰქონდა სრულ განაკვეთზე ანაზღაურებადი სამსახური. იგი ახლაც განაგრძობს საკუთარ საქმიანობას, ამჯერად პირველი ლედის რანგში. ჯილი ამბობს, რომ მისი სამსახური ხელს არ შეუშლის და კვლავ განაგრძობს საქველმოქმედო საქმიანობას, როგორც პირველი ლედი. ჯილი პროფესიით მასწავლებელია და არც პროფესიაზე აპირებს უარის თქმას.
ელიზა ჟან რიდი კანადელ-ისლანდიელი მწერალია. ის ისლანდიის პრეზიდენტისმ ეუღლე და 2016 წლიდან ისლანდიის პირველი ლედია. რიდი ცნობილია, როგორც ქალთა უფლებების დამცველი. 2019 წელს იგი ბერლინში დააჯილდოვეს ქალთა საერთაშორისო დღის პრემიით. ის არის ისლანდიის რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ისლანდიის გაეროს ასოციაციის მფარველი და ისლანდიაში SOS ბავშვთა სოფლების კეთილი ნების ელჩი. 2017 წელს იგი დასახელდა გაეროს სპეციალურ ელჩად ტურიზმისა და მდგრადი განვითარების საკითხებში.
ჩვენი მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პირველ ლედის, ნუნე სარქისიანს, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის მეუღლეა, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. მან დაწერა მრავალი ესე და მიმოხილვა ხელოვნების, კულტურისა და მუსიკის შესახებ. იგი არის ათზე მეტი საბავშვო წიგნის ავტორი. მისი ზოგიერთი ზღაპარი, მაგალითად, „მელოტი ზღარბი“, თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიდგა, ნუნე სარქისიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა ბავშვთა საგანგებო დამცველად დანიშნა.
მეჰრიბან ალიევა ჩვენი სხვა მეზობლის, აზერბაიჯანის პირველი ლედია. იგი აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლეა. 2016 წლიდან აზერბაიჯანში შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელზეც 2017 წლის 21 თებერვალს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა პირველად დანიშნა. ალიევა არის ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი მისი დაარსების დღიდან. 2004 წელს იგი იუნესკოს კეთილი ნების ელჩად დაინიშნა ფოლკლორისა და მუსიკალური ტრადიციების მხარდაჭერის გამო. ამავე წელს აირჩიეს აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 2006 წლის 24 ნოემბერს, ისლამურ სამყაროში განხორციელებული განათლებისა და პროექტების მხარდაჭერისთვის, მეჰრიბან ალიევა დაჯილდოვდა ისესკოს კეთილი ნების ელჩის საპატიო წოდებით. იგი დაინიშნა ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ 2015 წელს.
ერთხელ ბარაკ ობამა და თავისი მეუღლე ღამით ერთ-ერთ პატარა რესტორანში ვახშმობდნენ, რომლის მეპატრონემაც მოისურვა მიშელ ობამასთან ცალკე საუბარი. როცა ობამამ მეუღლეს ჰკითხა საუბრის თემა, აღმოჩნდა, რომ რესტორნის მეპატრონე ახალგაზრდობაში მიშელზე იყო შეყვარებული. ობამას გაეღიმა და თქვა- „მას რომ გაჰყოლოდი ცოლად, ახლა ამ საყვარელი კაფის მფლობელი იქნებოდი“, რაზეც მიშელმა უპასუხა- „მე რომ მას ცოლად გავყოლოდი ის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნებოდა“. გჯერათ თუ არა ამის, ხანდახან ასეც ხდება, ქალი აქცევს კაცს იმად, რაც არის და მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს მის ცხოვრებაში.
ამის არაერთი მაგალითიდან ერთ-ერთი მადაგასკარის პირველი ლედი, მიალი რაჯოელინა არის. ანდრი რაჯოელინას მეუღლე. მიალი ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ, (მაგალითად, TED TALK-ის გამოსვლა). მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე პრეზიდენტი გახდა, მიალიმ დააფუძნა FITIA ასოციაცია, იგი ამავე ორგანიზაციის ჰუმანიტარული ასოციაციის პრეზიდენტი და სპიკერია, რომლის მიზანია შეაგროვოს შემოწირულობები, დაიცვას მადაგასკარელი დაუცველი ქალები და დაეხმაროს ღარიბებსა და ავადმყოფებს. მიალისა და მისი მეუღლის მომხრეები ამბობენ, რომ FITIA აჩვენებს, რომ წყვილი ზრუნავს მადაგასკარზე და მის ხალხზე. მიალიმ აღიარა, რომ საკუთარი პოპულარობა გამოიყენა მეუღლის დასახმარებლად და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ის მადაგასკარის ყველაზე ახალგაზრდა პირველი ლედია. მისი მეუღლის მსგავსად, მიალი კათოლიკეა, 2013 წლის აპრილში ის და ანდრი შეხვდნენ პაპ ფრანცისკეს და გახდნენ პირველი აფრიკის ლიდერი და პირველი ლედი, რომელიც იმ დროს ახალმა პაპმა მიიღო.
ბუნ რანი კამბოჯელი მედდა და კამბოჯის დიდი ხნის პრემიერ მინისტრის, ჰუნ სენის მეუღლეა. იგი მსახურობდა კამბოჯის წითელი ჯვრის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1998 წელს მისი პრეზიდენტიც გახდა. მან მიიღო ეროვნული და საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო კამბოჯის ობოლ და ღარიბ ბავშვებთან მუშაობისთვის, აივ ინფექციის შესახებ ინფორმირებულობისა და ქალთა საკითხებზე აქცენტის გაკეთებისთვის, როცა მან კამბოჯის მთელ ტერიტორიაზე ხუთი განვითარების ცენტრი ააშენა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა და ღარიბთა პროფესიულ და ბიზნეს ტრენინგების ჩატარებას.
თუ თქვენ ჯერ არაფერი გსმენიათ გაბონის პირველ ლედიზე, ის სილვია ბონგო ონდიმაა და 2011 წლის იანვარში მან შექმნა სილვია ბონგო ონდიმას ფონდი სახელწოდებით „ოჯახისთვის“ სოციალურად დაუცველი ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთელს მსოფლიოში. სილვია ბონგო ონდიმას ფონდმა მიიღო დადგენილება, რომ ყოველი წლის 23 ივნისს ქვრივების საერთაშორისო დღე აღნიშნონ. 2010 წლის ოქტომბერში, სილვია ბონგო ონდიმას ფონდმა 250 ელექტრო სკუტერი, ყავარჯენი და ეტლი შესწირა, რათა რამდენიმე ორგანიზაციამ გამოიყენოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სილვია ბონგო ონდიმას ფონდი აფინანსებს ასევე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გაბონელ ქალებსა და მათ ოჯახებში მეწარმეობის განვითარებას.
განას პირველმა ლედიმ, რებეკა აკუფო- ადომ 2017 წელს დააფუძნა ფონდი, „რებეკა აკუფო-ადო“, რომელმაც 2018 წელს ჩაატარა პროექტი ‘„learn to read- read to learn“, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებში სწავლის კულტურის დანერგვას. პროექტის მიზანი იყო ასევე ბიბლიოთეკების აშენება ქვეყნის მასშტაბით და სკოლისა და ბავშვებისათვის შესაფერისი პროგრამების დანერგვა. 2018 წლის ნოემბერში ფონდმა წამოიწყო პროექტი „because, I want to be…“ ეს პროექტი უზრუნველყოფს უწყვეტი განათლებისა და უნარ-ჩვევების ტრენინგს, რომ ქალებმა აღარ თქვან უარი სკოლაში სწავლაზე. 2019 წლის იანვარში მან დაიწყო კამპანია Free to Shine, ეს კი მიზნად ისახავდა დედიდან შვილზე შიდსის გადაცემის შეჩერებას. 2019 წლის სექტემბერში მან გაეროს გენერალურ ასამბლეას ქალთა უფლებების შესახებ სიტყვით მიმართა.
მარგარეტ გახუო კენიატა კენიის პირველი ლედია, რომელმაც მოუწოდა პაციენტებს ებრძოლონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს ადრეული სკრინინგის საშუალებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის სტიმულირებით. კენიატა ასევე კენიაში მრავალი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროგრამის დიდი მხარდამჭერია, მონაწილეობდა ნაროკის ქვეყნის საქველმოქმედო კოლეჯის გახსნაში და ხელს უწყობს ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას. 2014 წლის 24 ოქტომბერს იგი დასახელდა კენიის წლის ადამიანად.
პარაგვაის ამჟამინდელი პირველი ლედი სილვანა ლოპეს მორეირაა. 2020 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლოპეზ მორეირა დებიუტანტი სატელევიზიო წამყვანი ხდებოდა გადაცემაში „იცოდე“. ეს სატელევიზიო პროგრამა, მიზნად ისახავს მეწარმეების მხარდაჭერას პარაგვაიში COVID-19 პანდემიის დროს.
ემინე ერდოღანი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის პირველი ლედია. 2010 წლის 7 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა საიდ იუსუფ რაზა გილანმა, ემინე ერდოღანს პაკისტანის ორდენი მიანიჭა, სადაც აღიარეს მისი პირადი ძალისხმევა, წყალდიდობით დაზარალებული პაკისტანელი ხალხის დახმარებისთვის. 2011 წლის 16 თებერვალს, ემინე ერდოღანს გადაეცა „Prix de la Fondation-ის“ ჯილდო, „კრანს მონტანას“ ფორუმის მიერ ბრიუსელში. პირველი ლედი აქტიურად დაუპირისპირდა თურქეთში ბავშვთა ქორწინების კანონპროექტს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ „იძულებით ბავშვის ქორწინება აშკარად მიუღებელია ნებისმიერ პირობებში“.
ზამბიის პირველმა ლედიმ ესთერ ლუნგუმ დააფუძნა ფონდი Trust, რომლის მიზანია შეამციროს სოციალურად დაუცველი პირების დაუცველობა და ეკოლოგიურად მდგრადი მიდგომების გამოყენებით, მათი საარსებო წყარო გააუმჯობესოს. ესთერი განუწყვეტლივ გამოთქვამს თავის მოსაზრებას ქვეყანაში ასაკოვანი ქალების საარსებო წყაროს გაუმჯობესების შესახებ. მან ქალთა მხარდაჭერის მიზნით ქვეყანაში ექვს ქალთა ასოციაციას გადასცა 30,000K. საზოგადოების მდგომარეობისადმი მგრძნობელობის გამო, სპეციალურმა ოლიმპიადამ მას 50 წლის იუბილეზე მიანიჭა ელჩის სტატუსი აფრიკის რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლედობის თანამდებობა არ არის არჩევადი და იძულებული ხარ მეუღლის პრეზიდენტობის გამო თანამდებობას დათანხმდე, ამ ქალებმა მოგვცეს მაგალითი, რომ შეგვიძლია ამ თანამდებობით უფრო პროდუქტიულები გავხდეთ, ვიდრე იქამდე ვიყავით. რადგან ყველაფერი ბუნების საჩუქარია, შეგვიძლია ეს თანამდებობაც ცხოვრების უპირატესობად აღვიქვათ, რადგან არ არსებობს საქმე, რომელშიც თავს ვერ გამოიჩენ.