რა წარმოადგენს ქალის მთავარ როლს საზოგადოებაში?
უმეტესობა დღემდე მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მისიაა იყოს კარგი დედა და ცოლი და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს კარიერულ წინსვლაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად ოჯახის მარჩენლად სწორედ ქალები გვევლინებიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკური მონაცემები უჩვენებს, რომ ოჯახების 71.5% 19 წლამდე შვილებით დიდწილად დამოკიდებულნი არიან დედის ხელფასზე. თუმცა, აღნიშნული ტენდენცია მაინც ვერ ამარცხებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ოჯახში ქალის როლთან მიმართებაში.
ამასთან, ქალების შემოსავალი ჯერ კიდევ დაბალია მამაკაცებთან შედარებით. კერძოდ, აშშ-ში სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალები გამოიმუშავებენ 80 ცენტს კაცის მიერ გამომუშავებულ დოლარზე, დედები კი 71 ცენტს მამის 1 დოლარზე. გამოდის, რომ ქალებს ბავშვების გაჩენის შემდეგ ეკისრებათ ერთგვარი ჯარიმა ანაზღაურების შემცირების სახით, მაშინ, როცა კაცები იღებენ დანამატებს მამობისთვის.
განსხვავებულია მაღალ პოზიციების დაკავების თანაფარდობაც. მსოფლიოს უმსხვილეს 500 კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორების მხოლოდ 10.9% არის ქალი. ამის ძირითადი მიზეზი ქალების, როგორც მშობლების და ცოლების გაზრდილი ვალდებულებებია, რაც, დამქირავებლების აზრით, ამცირებს მათ პროდუქტიულობასა და საქმისადმი თავდადებას. სწორედ ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში ამჯობინებენ ისეთი კანდიდატის აყვანას ან დაწინაურებას, ვისაც მსგავსი „პრობლემები“ არ ექნება.
ეს საკითხი მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშეც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქალების შემთხვევაში არის 869.1, კაცების შემთხვევაში კი 1361.8 ლარი. სხვაობა შეინიშნება დაკავებული თანამდებობების მიხედვითაც. მაგალითად, კორპორაციული მენეჯერების ანაზღაურება ქალების შემთხვევაში უტოლდება 1809.7 ლარს, კაცების შემთხვევაში კი – 2860.1 ლარს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკმაოდ ნელა, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე, რომელშიც მთავარი როლი საზოგადოებას, პირველ რიგში კი თავად ქალებს ეკისრებათ. გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ჯერ თავად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა გაითავისონ, რომ ოჯახში ყოველდღიური საქმეების შესრულება მხოლოდ მათი მოვალეობა არაა. ამასთან დაკავშირებით ჯოან ლუბლინი, Wall Street-ის რეპორტიორი და Power Moms: How Executive Mothers Navigate Work and Life წიგნის ავტორი წერს, რომ ქალებს უჭირავთ პასიური პოზიცია ქმრების საოჯახო საქმეებში ჩართვასთან მიმართებაში. ამის საილუსტრაციოდ მას მოჰყავს მაგალითები თავისი წიგნიდან, რომელიც 86 წარმატებული კარიერის მქონე ქალის გამოკითხვის შედეგად დაწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ინტერვიუერები მაინც თავის თავზე იღებდნენ შვილების სკოლიდან გამოყვანას მათი ავად ყოფნის შემთხვევაში, შესვენებებზე კი მიდიოდნენ სახლში სადილის მოსამზადებლად, თუნდაც ქმარს ჰქონოდა ამის გასაკეთებლად თავისუფალი დრო. ანუ, ოჯახური პრობლემების მოგვარების მთლიან პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდათ და ასე ხდება დღესაც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ, რომ სტერეოტიპულად „ეს ცოლის მოვალეობაა“.
სანამ თვითონ ქალები არ დაიწყებენ ოჯახში ლიდერის პოზიციის დათმობას და არ ისწავლიან ქმრებთან ერთად გუნდურ მუშაობას, რაც ამ შემთხვევაში საოჯახო საქმეების გადანაწილებაში გამოიხატება, მანამდე შეუძლებელი იქნება გენდერული ბალანსის მიღწევა. ოღონდ, რა თქმა უნდა, კაცებიც ღია უნდა იყვნენ ასეთი პატარ-პატარა ცვლილებებისთვის.
პოზიციების სწორი გადანაწილება, სხვა დანარჩენთან ერთად, ქალებს მისცემს მეტ გასაქანს. მათ ექნებათ მეტი თავისუფალი დრო და შესაბამისად მეტი შესაძლებლობა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისა თუ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობისთვის. ეს კი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქალების რაოდენობის ზრდას მაღალი რანგის თანამდებობებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.
თუმცა, აქვე ჩნდება მეორე პრობლემა. როგორ შეიძლება მივაღწიოთ ბალანსს და ერთდროულად ვიყოთ კარგი დედა და კარგი ხელმძღვანელი?
კატიქა როი, რომელიც არის ელჩი გენდერული სამართლიანობისთვის სამუშაო ადგილას თუ მის მიღმა და ამასთან Denver-based Pipeline-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა კარგი დედობისთვის. შეიძლება ჩვენ ყოველდღიურად არ ვზრუნავდეთ შვილებისთვის წასახემსებლის მომზადებასა თუ მათ სკოლაში წაყვანაზე, მაგრამ სხვაგვარად ვამტკიცებდეთ ჩვენი, როგორც მშობლის სიკარგეს.
იგი ასევე გვეუბნება, რომ იყო კარგი დედა და აღმასრულებელი არ გულისხმობს მხოლოდ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსირებას. ესაა ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ისე მობილიზება და ისეთი ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება, რაც დაგვეხმარება საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებაში.