ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს თავის გუნდს მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, აძლევს მოტივაციას და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება კიდეც მათ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. აქედან გამომდინარე, ლიდერის როლის ეფექტურად შესრულება მთლიანად დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებსა თუ გამოცდილებაზე და არა სქესზე.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ პოზიციას უფრო ხშირად ანდობენ კაცებს, ვიდრე ქალებს, მათი მსგავსი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი. Huffington Post-ის გასული წლების მონაცემებით, აშშ-ის 500 ყველაზე წარმატებული კორპორაციიდან მხოლოდ 23 იმართებოდა ქალების მიერ. ასეთ დიდ სხვაობას ერთის მხრივ განაპირობებს გენდერული უთანასწორობა, მეორე მხრივ კი თავად მამაკაცებისა და ქალების სამუშაოსადმი დამოკიდებულების სხვაობა. Saba Software–ის კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები ნაკლებად ავლენენ ამბიციებს კარიერული განვითარების გზაზე. ამავე კომპანიის წარმომადგენლის, Harris Poll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დასაქმებული კაცების 60% აქტიურად იყენებს თავის კომპანიას კარიერული წინსვლისთვის ქალების 49%-თან მიმართებაში. ამასთან, უმეტეს შეთხვევაში, სამუშაოს შესრულებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლების მთავარ მოტივაციას წარმოადგენს პირადი კეთილდღეობის ზრდა, მაშინ, როცა ქალები მოქმედებენ შინაგანი მოტივებით და საქმეს აკეთებენ არა მხოლოდ ვალდებულების გამო, არამედ პირადი სიამოვნებისთვისაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი აღარაა, რომ ხშირად ქალი და კაცი ლიდერების მიდგომები განსხვავდება ერთმანეთისგან. ქალების 65%-ის (კაცების 56%) გადმოსახედიდან ლიდერმა უნდა გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, ჰქონდეს მათთან აქტიური კომუნიკაცია და ეხმარებოდეს პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქცევთ მდედრობითი სქესის წამომადგენლებს კარგ ლიდერებად, თუმცა Saba-ს მონაცემებით ამ ქალების მხოლოდ 60% აღიარებს თავის ლიდერულ უპირატესობას.
ქალები შეიძლება ყოველთვის ვერ აცნობიერებდნენ მათ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, თუმცა მათი, როგორც კარგი ლიდერების პოტენციალი უდავოა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ Business News Daily-ის წარმატებული ლიდერი ქალების გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ იმ 17 მიზეზს, რაც მათ აქცევთ ეფექტურ მენეჯერებად:
პროფესიული და პიროვნული ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებების ბალანსირება
ამ მხრივ ოქროს შუალედის მოძებნა ქალებს კარგად გამოსდით. ზოგადად, ქალ ხელმძღვანელებთან ბევრად უფრო მარტივია მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, ვინაიდან ისინი ზრუნავენ თავიანთი გუნდის წევრების კეთილდღეობაზე, როგორც საქმიანობის, ისე პირადი ცხოვრების ბალანსირების თვალსაზრისით.
ემპათიურობა
ეს თვისება ქალებს ბუნებრივად სდევთ თან. თანაგრძნობის გამოჩენა ეხმარება მათ თანამშრომლებთან ურთიერთობების განვითარებაში, მათი საჭიროებისა და მოტივაციის წყაროების დადგენაში.
მოსმენის კარგი უნარი
გამოკითხულ ქალ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათ უკეთესი მოსმენის უნარი აქვთ, ვიდრე კაცებს. ისინი მეტად აფასებენ და პატივს სცემენ სხვების მოსაზრებებს და ცდილობენ მათ გათვალიწინებას გადაწყვეტილებების მიღებისას.
აღმზრდელობითი უნარები
ესაა ქალების კიდევ ერთი თანდაყოლილი თვისება. როგორც ლიდერები, ისინი ზრუნავენ საკუთარი გუნდის წევრების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც არსებით როლს თამაშობს მათ წარმატებაში.
გუნდურ მუშაობაზე ფოკუსირება
კატარინ ნორი, Nohr Sports-ის დირექტორი ამბობს, რომ ქალები, ვისთან ერთადაც მას უმუშავია, ყოველთვის იჩენენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს გუნდური მუშაობისას და იღებენ თამამ, ბრძნულ გადაწყვეტილებებს, ეყრდნობიან რა გუნდის წევრების შეხედულებებს. ამასთან, ქალი ლიდერების გარემოცვაში სამუშაო გარემო ნაკლებ ავტორიტარულია. იგი ემსგავსება კოოპერატიულ ოჯახს, ოღონდ მყარი ხელმძღვანელით თავში.
რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების შესაძლებლობა
ქალებს შეუძლიათ სხვადასხვა პრობლემებზე ერთდროულად ფიქრი და რაციონალური გადაჭრის გზების ძიება, რაც ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
გამოწვევების მიღება
როგორც ჯეკი ზლატანოვსკი, Flik Flops-ის დამფუძნებელი ამბობს, ქალები არ უშინდებიან გამოწვევებს, დაბრკოლებები მათთვის ერთგვარ მოტივაციის წყაროს წარმოადგენს. ქალ ლიდერებს არ სჩვევიათ მარტივად დანებება, ასე რომ ისინი არასდროს ამბობენ „არა“-ს.
კომუნიკაბელურობა
კომუნიკაციის დამყარება ქალის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისებაა. ქალი ბიზნეს ლიდერები რეგულარულად, მკაფიოდ და ღიად ურთიერთობენ თავიანთ კოლეგებთან, რაც ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.
სწრაფვა მაქსიმუმისკენ
გარდა იმისა, რომ ქალები არ უშინდებიან გამოწვევებს, ისინი ოცნებობენ და მიიწევენ დიდი შესაძლებლობებისკენ და რაც მთავარია, იციან თუ როგორ აქციონ ეს ოცნებები რეალობად.
კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება
ქალებს, განსაკუთრებით კი დედებს აქვთ დიდი გამოცდილება ზრუნვასა და კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაში, რაც მათ ეხმარებათ სამსახურში წარმოქმნილი სირთულეების მარტივად დაძლევაში.
ერთდროულად რამდენიმე ქუდის მორგება
ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებს შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს მოირგონ რამდენიმე როლი და შეასრულონ ისინი მაღალ დონეზე. იყო კარგი შვილი, დედა და დიასახლისი ეს ერთგვარად ბუნებრივი მოვლენაა ქალისთვის. ამ თვისების პროფესიულ სფეროში გადატანა კი კიდევ უფრო პროდუქტიულს ხდის მათ მოღვაწეობას.
შინაგანი „მე“-ს კონტროლი
იოან ვრებითზი, Quali-ის ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის აზრით, ქალებს უკეთ გამოსდით საკუთარი ეგოცენტრულობის დათრგუნვა, რაც აძლევს მათ უპირატესობას თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან თუ დირექტორთა საბჭოსთან მუშაობისას.
მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა
ესაა საკუთარ თავში თუ სხვებში ემოციების ამოცნობის უნარი, რაც ასევე ლიდერისთვის მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს, ვინაიდან ხელს უწყობს თანამშრომლებთან ურთიერთობების გაღრმავებასა თუ ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
მოქნილობა
გარდა რამდენიმე როლის მორგებისა, ახალი გარემოებების წარმოშობისას ქალებს, თავიანთი სიმკვირცხლის დახმარებით, შეუძლიათ ზედმეტი დანაკარგების გარეშე შეცვალონ საქმიანობის კურსი.
მაგალითებით ხელმძღვანელობა
ქალები, კაცებთან შედარებით, მეტად დადებითად არიან განწყობილნი უკვე გაკვალული გზებით სიარულის მიმართ. ისინი ყოველთვის ცდილობენ გაითვალისწინონ სხვების შეცდომები თუ აღმოჩენები, რაც ეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
შესასრულებელი სამუშაოს მარტივად წარმოჩენა
ჯოდი ქლოვერი, Nestiny-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქალები ფენომენალური ლიდერები არიან, ვინაიდან მათ შესწევთ ძალა შეუძლებელი აქციონ შესაძლებლად, რასაც ისინი თავიანთი პრაგმატულობითა და მოქნილობით უზრუნველყოფენ.
გენდერული უთანასწორობის გამოწვევა
გენდერული უთანასწორობა და უსამართლობის შეგრძნება არის ერთგვარი ბიძგი ქალებისთვის, მიაღწიონ უფრო მეტს და იყვნენ უფრო ძლიერები. ჩვეულებრივ, ქალებს კარიერაში წარმატების მისაღწევად უწევთ მეტი შრომა, შესაბამისად, ისინი მეტად ორიენტირებულნი არიან შედეგზე, რაც მათ საბოლოო ჯამში აქცევს კარგ ლიდერებად.
გარდა ზემოთ წარმოდგენილი ქალი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პირადი შეხედულებებისა, ბევრი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კომპანიები, რომლებიც ქალების მიერ იმართება, ხშირად უპირატეს ფინანსურ შედეგებზე გადიან.
ამასთან, გენდერული პარიტეტის არსებობა არსებითია, ვინაიდან რეალური პროგრესი არ შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ ერთი სქესის რესურსების გამოყენებით. ქალებს და კაცებს უნდა მიეცეთ ლიდერის თვისებების თანაბრად გამოვლენის საშუალება.