კინო და სატელევიზიო ინდუსტრიამ წარმატებებს მიაღწია ეკრანზე ქალი პერსონაჟების წარმოჩენაში, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სათანადო მხარდაჭერა გაუწიოს ქალებს კამერის მიღმა. 2004-2015 წლებში გადაღებული 1,300 პოპულარული ფილმიდან ქალებმა მხოლოდ 4.8% გადაიღეს. 2019 წელს, წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმებიდან კი მხოლოდ 10.6% მოდიოდა ქალ რეჟისორებზე.
ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მოთამაშემ, Netflix–მა განაცხადა, რომ 2021 წელს 5 მილიონ დოლარს გამოყოფს ქალი რეჟისორებისთვის ტრენინგებისა და სწავლების დასაფინანსებლად.
„ეს არ არის კონკრეტულად მხოლოდ ჩვენთვის,“ – აცხადებს Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბელა ბაჯარია – „ეს არის მთლიანი ინდუსტრიისათვის, რათა ხელი შეეწყოს მასში ქალების უფრო მეტად დინამიურ, საინტერესო და მრავალგანზომილებიან წარმოჩენას“. ბაჯარიას სახელს მიეწერება სტრიმინგ სერვისის მოხმარების ზრდა მსოფლიოს გარშემო. ის ასევე იყო პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც უძღვებოდა ტელე-სტუდიას, როგორც Universal Television-ის პრეზიდენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ინიციატივა არ არის გამიზნული უფრო მეტი ქალი ხელოვანის დასასაქმებლად, როგორც Netflix-ის პროდუქციის შემქმნელები, რეჟისორები და მწერლები, ბაჯარია იმედოვნებს, რომ ქალთა მხარდაჭერა ინდუსტრიის მასშტაბით სარგებლის მომტანი იქნება, როგორც სხვადასხვა სტუდიებისა და სტრიმინგ პლატფორმებისთვის, aსევე Netflix-ისთვის.
ინიციატივა მიზნად ისახავს ქალების მხარდაჭერას მათი კარიერის ყველა დონეზე, დაწყებული კინოს სტუდენტებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორებით, რომლებიც იმედოვნებენ ეპიზოდურ ტელევიზიაში შეღწევას, დამთავრებული დამკვიდრებული სატელევიზიო მწერლებით, რომლებიც ცდილობენ „showrunning-ის“ უნარების შესწავლას. Netflix-ს კარგად აქვს გააზრებული, თუ რა სჭირდებათ ქალ კინემატოგრაფებს, რათა განავითარონ თავიანთი კარიერა მსოფლიოს გარშემო.
Netflix-ს უკვე აქვს გარკვეული მიღწევები. კომპანიამ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ანენბერგის ინკლუზიის ინიციატივას დაუკვეთა ანგარიში, რომლის დასკვნების თანახმად, პლატფორმამ მიაღწია თანასწორობას ქალებისთვის წამყვან როლებში. კვლევის თანახმად, 2018 და 2019 წლებში ქალი რეჟისორები Netflix-მა თავისი ფილმების მხოლოდ 23%-ისთვის დაიქირავა. ეს მაჩვენებელი შორსაა თანასწორობისგან, მაგრამ უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად ამ ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი. სწორედ, ამ დასკვნებმა შეუწყო ხელი Netflix-ს წამოეწყო ეს ინიციატივა.
კომპანიის მცდელობები წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით ბოლომდე იდეალური მაინც არ არის. ანენბერგის კვლევისვე მიხედვით, Netflix წარმატებითი წარმოაჩენს შავ, აზიელ და ქალ პერსონაჟებს ეკრანზე, მაგრამ ლათინური წარმოშობის პერსონაჟების წარმოჩენა მისი ჯერ კიდევ სუსტი წერტილია.