კორონავირუსი საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა ძალიან ბევრი ქვეყნის განათლების სისტემისთვის. სკოლებს და უნივერსიტეტებს მასშტაბური ცვლილებების განხორციელება დასჭირდათ სწავლების პროცესის მოსაწესრიგებლად, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი.
2021 წლის იანვრის მონაცემებით, სკოლების დახურვა დაახლოებით 825 მილიონ მოსწავლეს შეეხო. UNICEF-ის მონიტორინგის თანახმად, ამჟამად 23 ქვეყანა მთლიანადაა „დაკეტილი“, 40 კი ახორციელებს ლოკალურ შეზღუდვებს. შემსუბუქება შეეხო საქართველოსაც. მარტიდან სწავლების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა ყველა სკოლა და ზოგიერთი უნივერსიტეტი, რაც, უდავოდ კარგია, თუმცა პანდემიური სიტუაცია ჯერ ისევ მწვავედ დგას და შესაბამისად, მომავლის ზუსტი სურათის დახატვა შეუძლებელია.
ამასთან, ამ ეტაპისთვის გაურკვეველია კონკრეტულად რა მასშტაბის იქნება Covid19-ის გავლენა განათლებაზე. მეცნიერების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მოკლე პერიოდში შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ არ გამოიღოს უარყოფითი შედეგი, თუმცა თუ სასწავლო დაწესებულებების სრულად გახსნის შემდეგ მასწავლებლები არ შეიმუშავებენ სწორ სტრატეგიას ძველ სისტემასთან დასაბრუნებლად, გრძელვადიან პერიოდში ეს დიდი ალბათობით ნეგატიურად აისახება ახალგაზრდების განვითარებაზე.
გარდა სწავლების ინტენსივობისა თუ ხარისხის შემცირებისა, განათლების ონლაინ სისტემაზე გადასვლამ ბევრი სხვა სოციალ-ეკონომიკური პრობლემის წინაშეც დააყენა ქვეყნები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ცხოვრების დაბალი დონე. ძალიან ბევრ, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ოჯახს არ გააჩნდა შესაბამისი პირობები (ინტერნეტთან წვდომა, ელექტრონული მოწყობილობები და ა.შ.) ონლაინ სწავლებაში ჩასართავად. აქედან გამომდინარე, ბავშვების გარკვეული რაოდენობა განათლებას მოწყვეტილი დარჩა. ამის გათვალისწინებით, სამომავლოდ, პირველ რიგში, სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნონ სახელმწიფოებმა. მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მთვარობამაც, ვინაიდან აუცილებელია ყველა მოსწავლეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა გააჩნდეს.
ახლა კი, მანამ, სანამ კონკრეტულ დასკვნებამდე მივიდოდეთ, განვიხილოთ თუ რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ონლაინ სწავლებას.
პოზიტიურ მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს:
ეფექტურობა
დისტანციური სწავლება მასწავლებლებს საშუალებას აძლევთ სახელმძღვანელოების გარდა გამოიყენონ ბევრი სხვა ინტერნეტში განთავსებული მასალა (ფოტოები, ვიდეოები, ფილმები და სხვა) გაკვეთილის ახსნის პროცესში, რაც ბევრად უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის სწავლის პროცესს.
დროის და ადგილის „ეკონომია“
მეორე მხრივ, ონლაინ-სწავლების დროს მოსწავლეები შემოსაზღვრული არ არიან ერთი გეოგრაფიული არეალით, ვინაიდან თითქმის ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი გაკვეთილებზე დასწრება. ამასთან, შესაძლებელია ჩანაწერების გაკეთება და გავრცელებაც, რაც მათ საშუალებას აძლევთ, როცა მოუნდებათ მაშინ ჰქონდეთ წვდომა სასწავლო მასალებთან.
ხელმისაწვდომობა
კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი არის ეკონომიურობა. არატრადიციული სწავლების სისტემა ამცირებს ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა, ტრანსპორტირება, კვება, საცხოვრებელი და სხვა. ასევე, ონლაინ რესურსების გამოყენება ნაკლებად წარმოშობს წიგნებისა და რვეულების შესყიდვის საჭიროებას, რაც თანხებთან ერთად პოზიტიურად აისახება გარემოს დაცვაზეც.
დასწრების მაჩვენებლის გაუმჯობესება
თუ სოციალურ და ტექნიკურ პრობლემებს არ ჩავთვლით, ონლაინ სწავლების დროს იზრდება გაკვეთილებზე დასწრების სიხშირე, ვინაიდან ფართოვდება სწავლების გეოგრაფიული არეალი და ლექცია-სემინარებზე დასწრება ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.
სწავლის მრავალფეროვან სტილზე მორგება
მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან დასწავლის სტილით. ზოგიერთს ვიზუალური მეხსიერება აქვს, ზოგი მოსმენით სწავლობს კარგად, ზოგიერთს დიდ ჯგუფებთან ურჩევნია მუშაობა, ზოგი კი ინდივიდუალურ სწავლებას ანიჭებს უპირატესობას – შესაბამისად, მასწავლებლები ყოველთვის თავსატეხის წინაშე დგანან ამ მხრივ, განსაკუთრებით ტრადიციული სწავლების მეთოდების გამოყენებისას. თუმცა, საკლასო სწავლებისგან განსხვავებით, ონლაინ მუშაობისას უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ყველასთვის სასურველი, სრულყოფილი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ნეგატიური მხარეებიც:
ეკრანზე ფოკუსირების პრობლემა
ძალიან ბევრი სტუდენტისთვის, ონლაინ სწავლების დროს ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ გაკვეთილზე ფოკუსირებაა, ვინაიდან ერთის მხრივ, მარტივი არაა ეკრანის დიდხანს ყურება, მეორე მხრივ კი იზრდება სხვა რამეზე, მაგალითად, სოციალურ მედიაზე ყურადღების გადატანის შანსი. შესაბამისად, მასწავლებლებს უწევთ მეტად ინტერაქციული გახადონ გაკვეთილი, რათა ყველა ჩართული და მობილიზებული იყოს.
ტექნოლოგიური გამართულობა
მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ხარისხიანი კავშირი ინტერნეტთან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა ინტერნეტის სიჩქარე, პატარა ქალაქები თუ სოფლები მაინც განიცდიან ინტერნეტთან წვდომის პრობლემას. ამას ემატება ქსელების გადატვირთულობა, რაც შესაძლოა ოჯახის ყველა წევრის დისტანციურად მუშაობით იქნეს გამოწვეული. ინტერნეტთან წვდომის პრობლემა კი მთლიანად აფერხებს სწავლის პროცესს.
სოციალური კავშირების სიმცირე
ზოგადად, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ თავისი თანაკლასელებისგან თუ ჯგუფელებისგან. ასევე, სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებლებთან ფიზიკურ გარემოში ინტერაქციაც. ონლაინ სწავლება კი ამცირებს ამის შესაძლებლობას. ასე რომ, ასეთ სიტუაციაში კარგი იქნება თუ თვითონ სასწავლო დაწესებულებები იზრუნებენ მოსწავლე-მასწავლებლებს შორის კონტაქტის გაძლიერებაზე.
მასწავლებელთა კვალიფიკაცია
ონლაინ სწავლება მოითხოვს შესაბამისი ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნას, რათა მასწავლებლებმა უპრობლემოდ შეძლონ ციფრულ სივრცეში ორიენტაცია, ეს კი რიგ შემთხვევებში საჭიროებს დამატებითი ტრენინგების ჩატარებას.
კომპიუტერულ მოწყობილობებთან დიდი დროის გატარება
ძალიან ბევრი მშობელი დარდობს შვილების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან დისტანციური სწავლება მოითხოვს ეკრანთან დიდი დროის გატარებას. ზოგადად, ამან შესაძლოა მრავალგვარი პრობლემა გამოიწვიოს, შესაბამისად, ტექნოლოგიებთან გასატარებელი დროის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია „ახალ რეალობის“ სასწავლო პროცესში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ბავშვებს ჰქონდეთ საკმარისი დრო კომპიუტერისგან/მობილურისაგან სხეულის თუ გონების დასვენებისთვის, რაც კარგი იქნება თუ მშობლების მიერ იქნება გაკონტროლებული.
ზოგადად, ნებისმერ სწავლების მეთოდს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები. მთავარია შეგვეძლოს მათი გაშიფვრა და სასწავლო პროცესის ისე ორგანიზება, რომ მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული.