თურქეთი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციიდან გამოსვლას აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდორანმა 20 მარტს გააკეთა. მიღებული გადაწყვეტილება შეშფოთების მიზეზი გახდა, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,ახლა არის მომენტი, როდესაც შეთანხმებული საერთაშორისო მოქმედება და ვალდებულება ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის შეწყვეტის შესახებ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ცდილობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესოს ამ თემით და თაობათაშორისი ქმედებების მობილიზებითა და ქალთა მოძრაობის შექმნით ხელი შეუწყოს მის პრევენციას. ჩვენ ვთხოვთ თურქეთს, რომ კონვენციიდან გასვლის საკითხს კვლავ გადახედოს.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლის მანძილზე საშუალოდ სამიდან ერთი ქალი, დაახლოებით 736 მილიონი ადამიანი, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ კი სტატისტიკურად არიან გოგონები 15-დან 24 წლამდე. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამ სიტუაციაშია მნიშნელოვანი გარკვეული ზომებისა და ინსტრუმენტების გაძლიერება. მათი თქმით, COVID-19-ის დროს ლოქდაუნისა და სხვადასხვა სერვისების შეფერხების ფონზე განსაკუთრებით გაიზარდა ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი. ასევე, პანდემიამ გამოავლინა არაერთი სისტემის ხარვეზი ძალადობის წინააღმდეგ რეაგირების პროცესში.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და იმპლემენტაცია ერთგვარი ვალდებულებაა ამ პრობლემის დასაძლევად: ,,ჩვენ ვუერთდებით მათ, ვინც თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს გააგრძელოს ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების დაცვა სტამბულის კონვენციის ფარგლებში. კონვენცია ემყარება სტანდარტებს, რომლებიც არა მხოლოდ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გარანტია, არამედ ზოგად სამართლებრივ რეკომენდაციებსაც შეიცავს“.
თურქეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი 2011 წელს მოაწერა. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. დღეის მდგომარეობით კონვენციას რატიფიცირების გარეშე 11 ქვეყანა და ევროკავშირი, ხოლო რატიფიცირებით კი 34 ქვეყანა აწერს ხელს, მათ შორის საქართველოც.