კრისტინ რემედიოსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციის KPMG გლობალური ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელმძღვანელად აირჩიეს. ის პოსტს პირველი აპრილიდან დაიკავებს და მოვალეობის აღსრულებას სწორედ ამ დღიდან დაიწყებს.
KPMG-იმ მისი კანდიდატურის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამ მარტს გაავრცელა. ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის თქმით, კრისტინ გლობალური მასშტაბით, დაახლოებით 146 ქვეყანაში ინკლუზიისა და მრავალფეროვნების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს წარმართავს. ის KPMG–ის კოლექტიური სამოქმედო გეგმის განხორციელებას შეეცდება და უსამართლობისა და უთანასწორობის მოსაგვარებლად ეფექტური და პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას შეუწყობს ხელს.
„KPMG–ის არსებობის საფუძველი სწორედ ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოა — ეს გვეხმარება მრავალფეროვანი შეხედულების მქონე გუნდების შექმნაში, რომლებიც ხელს გვიწყობენ ჩვენი ფასეულობების შენარჩუნებაში“, – განაცხადა KPMG–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ ტომასმა და განმარტა , რომ კრისტინს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაციაში ჩართულობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად: „ჩვენ შევეცდებით, მრავალფეროვანი გარემოს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში და დავეხმარებით ორგანიზაციას უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.”
KPMG-ის გლობალური ოფისის ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშვნამდე რემედიოსი ორგანიზაციის კანადის ოფისში მუშაობდა. ის ამჯერად მისი წინამორბედის, მერი ლუ მაჰერის მიღწევების გაუმჯობესებას შეეცდება. მერი 2017 წლიდან ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელმძღვანელი იყო და 38 წლიანი კარიერის შემდეგ გადადგა: „მოხარული ვარ, რომ ამ როლის შესრულება და მისი მიმართულების გაგრძელება მე მიწევს. ჩემთვის დიდი პატივია KPMG-ის სახელით თანასწორობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა“ – განაცხადა რემედიოსმა თემაზე კომენტირებისას.