კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, სხვა ყველაფერთან ერთად, შეცვალა დამქირავებლების მოთხოვნებიც პოტენციური დაქირავებულების მიმართ. Forbes-ის ერთ-ერთი კონტრიბუტორი Bianca Miller Cole გვთავაზობს იმ 7 კრიტერიუმს, რომელსაც არსებულ სიტუაციაში ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა კომპანიების მხრიდან.
ადაპტაციის უნარი
საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადი გახდა მუშაობის ფორმა. საქმიანობა ოფისიდან წარიმართება თუ ონლაინ, მთლიანად Covid-19-ის სიმწვავეზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ახალი თანამშრომლის აყვანისას დამსაქმებელი უკვე ინტერესდება იმითაც, შეუძლია თუ არა კანდიდატს მოერგოს სამუშაოს წარმართვის ორივე ფორმატს. ამასთან, ამ თვისების ქონა ხაზს უსვამს თქვენს ზოგად უნარს, სწრაფად მოერგოთ გარემოს ცვლილებებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
კომუნიკაბელურობა
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივ სამუშაო სივრცეში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა, კომუნიკაბელურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რასაც დამქირავებლები ეძებენ კანდიდატებს შორის. ეს კი, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს მოსმენის კარგ უნარს, ვიზუალურ კონტაქტს, საკუთარი იდეების თამამად დაფიქსირებას თუ საუბრის მანერის აუდიტორიასთან შესაბამისობას. გასაუბრებისას ამ უნარების წარმოჩენით დამსაქმებელს ნამდვილად დაარწმუნებთ, რომ თქვენ შესაფერისი კანდიდატი ხართ.
ორგანიზებულობა
ორგანიზებულობა ახლოს დგას შეგუებადობასთან, ვინაიდან საკუთარი შესაძლებლობებისა თუ რესურსების სწორად ორგანიზება გვეხმარება სწრაფ რეაგირებაში გარემოში მომხდარი ცვლილებებისადმი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში. მაგალითად ისეთში, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია. ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება დადებითად აისახება პრობლემური სიტუაციების დაძლევასა და სამუშაო გარემოში არსებულ სტრესთან გამკლავებაში.
გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულობა
პრობლემებთან გამკლავებისა და კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარის ქონა არსებითია ნებისმიერ სამუშაო ადგილას. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად შესაძლოა გადავაწყდეთ სხვადასხვა სირთულის პრობლემას, როგორც კომპლექსურს, ისე შედარებით მარტივს. თუმცა, ორივე მათგანი მოითხოვს ჩვენგან მოქმედებას. რას იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია სწრაფად შეგვეძლოს სიტუაციისა და ჩვენს წინაშე არსებული ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზი და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
შემოქმედებითობა
ეს უნარი ყოველთვის მოთხოვნადია, ვინაიდან ბევრ სხვადასხვა ტიპის სამუშაო ადგილასაა შესაძლებელი მისი გამოყენება. შემოქმედებითობა ნიშნავს არსებული ჩარჩოებიდან გამოსვლას და ისეთი იდეების წამოყენებას, რაც მანამდე არავის უცდია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ დამსაქმებლები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სხვა რაკურსით შეხედავენ პრობლემას და შეიმუშავებენ უნიკალურ გზებს მის გადასაჭრელად. ამასთან, შემოქმედებითი იდეები მათთვის ახალ შესაძლებლობებსა თუ ინოვაციებს უხსნის კარს, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პანდემიის პირობებში.
გუნდური მუშაობა
დამქირავებლებს ყოველთვის სურთ ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა, ვინაიდან უმეტესი საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად საჭიროა სხვებთან კოლაბორაცია. ონლაინ გუნდთან ერთად მუშაობა კიდევ უფრო რთულია, შესაბამისად, პანდემიის შემდეგ ამ უნარის ქონა მეტად მოთხოვნადი გახდა. ამასთან, საქმის ერთობლივად განხორციელება ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაციის სწორად დამყარება, საკუთარი შეხედულებების გადმოცემა და სხვების იდეების გაზიარება.
ლიდერობა
გუნდურობასთან ერთად საჭიროა გაგვაჩნდეს ლიდერის თვისებებიც, რათა შევძლოთ წარმატებულად გავუძღვეთ ჩვენს გუნდს თუ ეს საჭირო გახდება. კარგი ლიდერი არის ის, ვინც ზრუნავს გუნდის წევრების მოტივირებაზე და აერთიანებს მათ ერთი მისიის გარშემო. მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, მას ასევე უნდა შეეძლოს ისეთი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რაც იქნება რეალისტური და ყველასთვის გასაგები. კარგ ლიდერებს ასევე უნდა შეეძლოთ გარემო ცვლილებებთან ადაპტირება, საკუთარი გუნდის წევრების მოსმენა, მათი აზრების გათვალისწინება და ამის მიხედვით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
ესაა იმ უნარების ჩამონათვალი, რასაც ამჟამად ყველაზე მეტად ექცევა ყურადღება. ამასთან მათი ქონა მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამუშაო გარემოში, იქნება ეს ფუსფუსა ოფისი თუ საკუთარი მყუდრო სახლი.