მიშელ ობამა ქალთა ეროვნული დიდების დარბაზს შეუერთდება

აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ქალთა დიდების დარბაზს შეუერთდება. ორგანიზატორებმა 2021 წელს სულ ცხრა ქალი წარადგინეს. ობამამ აღნიშნულ შეთავაზებაზე ოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადა.

მიშელ ობამა ამერიკის პირველი აფრო-ამერიკელი პირველი ლედი იყო. ამ პერიოდში მან შეძლო დახმარებოდა გოგონებსა და ფერადკანიან ქალებს, რომლებსაც აქვთ ოცნებები და სურთ მათი რეალიზება. ქალთა დიდების ეროვნულ დარბაზში კი ობამა ისეთ ფერადკანიან ქალებს შეუერთდება, როგორებიცაა კეტლინ ჯონსონი, მია ჰამსი, ინდრა ნოუსი და სხვები.

ობამამ პირველ ლედად ყოფნისას, შექმნა ადვოკატირების არაერთი გაერთიანება. მათი ამოცანა ბავშვების ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფა, დამწყები ქალი მეწარმეების ხელშეწყობა და სამხედრო სამსახურის წევრთა ოჯახების დახმარებაა. ამასთანავე, მიშელ ობამას აშშ-ს ამჟამინდელ პირველ ლედი ჯილ ბაიდენთან ერთად არაერთი პროექტი აქვს წამოწყებული.

ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ობამა წიგნის „Becoming“ ავტორიცაა. წიგნში აღწერილია ფერადკანიანი ქალის ცხოვრება და საქმიანობა თეთრკანიანი მამაკაცების გარემოცვაში. წიგნის ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი პირველივე დღეს გაიყიდა. მიშელ ობამა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია, რომელმაც საკუთარი თავი „ქალთა და გოგონების ძლიერ დამცველად” დაიმკვიდრა.

ქალთა ეროვნული დიდების დარბაზი 1969 წელს დაფუძნებული ამერიკული ინსტიტუტია. წლევანდელი ღონისძიება 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული, მისი პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც.