ქრისტინ ლაგარდის, ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტის, განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა ქალები საკუთარ თავზე აღარ გამოცდიან სექსიზმს, რომელსაც იგი თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე შეეჩეხა.
ორშაბათს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ლაგარდი ECB-ს პოდკასტის ფარგლებში ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ადრეულ კარიერაზე საუბრისას, ლაგარდმა გაიხსენა, რომ როდესაც ის იურიდიულ ფირმაში კონკრეტულ საკითხზე მუშაობისას თანამშრომლობდა მამაკაცთა გუნდთან, როგორც ერთადერთი ქალი პარტნიორი, კლიენტმა მას ყავის მოდუღება მოსთხოვა.
საპასუხოდ, ლაგარდმა განუცხადა: „დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ თვითონ მოგიწევთ მისი მომზადება.“
„ის ძალიან გაბრაზდა და ჩემს რამდენიმე თანამშრომელს დასჭირდა მშვიდად აეხსნა მისთვის, რომ მე არ ვიყავი მდივანი, რომელიც ყავას ამზადებდა, არამედ პარტნიორი, რომელიც გუნდს ხელმძღვანელობდა”, – თქვა მან.
ლაგარდმა გაიხსენა კიდევ ერთი გამოცდილება, როდესაც ის საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრი იყო და პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
„მახსოვს, პოდიუმზე ავდიოდი, საიდანაც კითხვებზე უნდა მეპასუხა და პარლამენტის ერთ-ერთმა უფროსმა წევრმა გადმომხედა და თქვა: „მაინტერესებს, ვისთან დაწვა, რომ იქ დანიშნულიყო, სადაც არის“ – იხსენებს ლაგარდი.
„შემდეგ მის სანახავად წავედი, იმის ასახსნელად, რომ არავისთან დაწოლა არ მჭირდებოდა იქ აღმოსაჩენად, სადაც ვიყავი. თუკი მას სურდა ჩემი კომპეტენციისა და უნარების შემოწმება, შეეძლო ნებისმიერი ტექნიკური შეკითხვა დაესვა, რომლებზეც აუცილებლად გავცემდი პასუხს“ – დასძინა მან.
ლაგარდმა განაგრძო და განაცხადა, რომ იმედოვნებს, ახალგაზრდა ქალებს „აღარ ექნებათ ასეთი ცუდი გამოცდილება, იმ სამუშაოთა დამსახურებით, რომელსაც აკეთებთ თქვენ, ვაკეთებ მე და აკეთებს სხვა ბევრი ქალი.“
გარდა იმისა, რომ ის ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტია, ლაგარდი ასევე იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი და პირველი მმართველი დირექტორი ქალი საერთაშორისო სავალუტო ფონდში.
თავად ფონ დერ ლაიენსაც მნიშვნელოვანი კარიერა აქვს. ის გახდა პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრად და ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის პრეზიდენტად.
პოდკასტის მსვლელობისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ყელში ამოუვიდა შეკითხვა, თუ როგორ ახერხებს დააბალანსოს ბავშვის მოვლა და მთავრობის მინისტრობა. მაგ გერმანიაში მინისტრად მუშაობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი თოქ-შოუს მოდერატორმა ჰკითხა: „უკვე აარჩიეთ რომელი გინდათ იყოთ, ცუდი დედა თუ ცუდი მინისტრი?“
ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ამ შეკითხვამ შეაშფოთა და იმედოვნებს, რომ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, თუმცა აღნიშნავს, რომ გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ლიდერებმა თავდაჯერებულობა ჩაუნერგონ დაქირავებულ ქალებს, როგორც ეს გააკეთა ანგელა მერკელმა, როდესაც მას მინისტრის პორტფელი შესთავაზა მთავრობაში.
„ჩემი გამოცდილება ისაა, რომ ქალები ყოყმანობენ, გამოიყენონ შესაძლებლობა ძალიან მარტივად და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ძირითადად, როგორც ქალი ლიდერებისა, რომ გავამხნევოთ ისინი და ვუთხრათ მათ: „მე მჯერა შენი, დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია და მე შენ მხარს დაგიჭერ“ – თქვა მან.