ქალი, რომელმაც პირველმა შექმნა მუზეუმი ქალი არტისტების ნამუშევრებისთვის 6 მარტს გარდაიცვალა, 98 წლის ასაკში. ვილჰელმინამ 1987 წელს დაუზოგავი ბრძოლისა და შრომის წყალობით მოახერხა და დააფუძნა მუზეუმი, სადაც მხოლოდ ქალი ხელოვანები იყვნენ გამოფენილი. ჰოლედეის მიღწევა განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ პერიოდში ნებისმიერ მუზეუმში ნამუშევრების 95-98% მხოლოდ მამაკაცების შექმნილი იყო. სწორედ ამ სურათის შეცვლას ისახავდა მიზნად ჰოლედეი.
ჰოლედეი ნიუ-იორკში, ელმირაში დაიბადა. მამამისი ბიზნესმენი იყო, ხოლო დედა – დიასახლისი. ვილჰელმინამ ადგილობრივი კოლეჯი დაამთავრა 1944 წელს, შემდეგ სწავლა კორნელის უნივერსიტეტში განაგრძო, ხელოვნების ისტორიის მიმართულებით, თუმცა იცოდა, რომ წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ იქნებოდა. მოგვიანებით ჰოლედეი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და უნივერსიტეტშიც მოხვდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის ვაშინგტონში მუშაობდა, თუმცა ხშირად უწევდა მოგზაურობა. ვენაში ერთ-ერთი მივლინების დროს ის არტისტ კლარა პიტერს შეხვდა. ჰოლედეი მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული დარჩა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ამერიკაში კლარას სახელი არავინ იცოდა. ჰოლედეიმ გადაწყვიტა სხვა ქალი ხელოვანების შესახებ გაეგო უფრო მეტი, თუმცა მათ შესახებ არც წიგნებსა და არც მუზეუმებში არ იყო ინფორმაცია. შედეგად, 1980-იან წლებში ვილჰელმინამ ქალი არტისტების ნამუშევრების შეგროვება დაიწყო და 500 ნიმუშის მოგროვებაც მოახერხა.
1981 წელს ახალი ეტაპი დაიწყო, ვილჰელმინამ დაფინანსების მოპოვება გადაწყვიტა. მან ითანამშრომლა ნაციონალურ მუზეუმთან და ერთ-ერთი დაზიანებული ტაძრის გადაკეთება დაიწყო მუზეუმად. 6 წლის შემდეგ ეს დაწესებულება გაიხსნა, დღეს ის კვლავ ფუნქციონირებს და ათასობით ქალი არტისტის ნამუშევრებს წარუდგენს დამთვალიერებელს.
ვილჰელმინას 2006 წელს ნაციონალური მედალი გადაეცა, რომელიც უმაღლესი ჯილდოა ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. 2017 წელს მისმა შექმნილმა მუზეუმმა 9 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო კალიფორნიელი ბიზნესვუმენისგან. ჰოლედეის არაერთი ადამიანი აკრიტიკებდა მისი საქმიანობის გამო, თუმცა მან ბრძოლა მაინც განაგრძო. ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუს დროს მან განაცხადა:
„ხელოვნება არ უნდა იყოფოდეს სქესის მიხედვით, რადგან არ არსებობს განსხვავება ქალისა და კაცის შექმნილ ნიმუშებს შორის, თუმცა არსებობენ ქალი არტისტები, რომელთა ნამუშევრებს ყურადღებას არავინ აქცევს, ამის შეცვლა კი ჩემი მოვალეობა იყო.“
მისი მიღწევების, გაწეული შრომისა და გულისხმიერების გამო ის ნამდვილად მოხვდება ხელოვნების ისტორიაში.