გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2021 წლის თანასწორობის ფორუმის სამზადისი პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. ეს ყველაფერი კი იმ უკუსვლის ფონზე, რომელიც აჩვენებს, რომ ქალთა უფლებები და ლიდერობა საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. ამჟამინდელი პროგნოზით გენდერული თანასწორობის მიღწევას ჯერ კიდევ 130 წელი სჭირდება.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მონაცემებით, ქალი ლიდერი ჯერ კიდევ 119 ქვეყანას არ ჰყოლია. ამასთან, 1995 წლიდან მოყოლებული თითქმის გაორმაგდა ქალთა კვოტა პარლამენტებში, თუმცა კვლავ კაცები იკავებენ საერთო ადგილების 75 პროცენტს. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ქალთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა მოვლის სერვისები და ჯანდაცვა. ამასთან, ნაკლებია კორუფცია და პოლიტიკური პარტიებიც ერთმანეთთან უფრო შეთანხმებულად მუშაობენ. დადებითი ეფექტის მიუხედავად, ამ კუთხით პროგრესი მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს.
დროთა განმავლობაში იზრდება იმ მტკიცებულებათა რაოდენობაც, რომლის მიხედვითაც COVID-19-ს ქალთა უფლებებზე არაპროპორციული ზეგავლენა ჰქონდა. დაკარგული სამუშაო ადგილები, ეკონომიკური პრობლემები, ოჯახური ძალადობის მაჩვენებლის მატება – ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად საჭიროა განსხვავებული და უფრო ეფექტური ზომების მიღება.
თანასწორობის ფორუმი სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული გლობალური პროგრამაა გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. წელს მას მექსიკისა და საფრანგეთის მთავრობები მასპინძლობენ. შეკრებები 2021 წლის 29–31 მარტს, მეხიკოში დაიწყება და კულმინაციით 2021 წლის ივნისში პარიზში დასრულდება. ფორუმის მიზანი გენდერული თანასწორობის პროცესში დაუყოვნებელი და შეუქცევადი პროგრესის მიღწევაა. ძალისხმევა მთავრობებსა და კორპორაციებს აერთიანებს და მათგან მაქსიმალურ ჩართულობასა და მხარდაჭერას მოითხოვს.
„The Generation Equality Forum იქნება კატალიზატორი მუდმივი ცვლილებებისთვის. თანასწორი სამყარო მსოფლიოს განსხვავებულს გახდის. უფრო მეტ ინკლუზიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, უფრო მეტი ადამიანის ხმას გავიგებთ და პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებსაც მოვძებნით,“ – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით კი, გენდერული თანასწორობა არსებითად ძალაუფლების საკითხია და ქალთა უფლებების გაანალიზება მამაკაცების მიერ დომინირებულ სამყაროში დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
კამპანიის მთავარი გზავნილი #ActForEqual იქნება.