Zoom-ის გენერალური დირექტორის, ერიკ იუანის განცხადებით, კომპანია კომუნიკაციის სხვა ონლაინ პლატფორმებთან, კერძოდ კი, Slack-სა და Microsoft-თან გეგმავს თანამშრომლობას. იუანის თანახმად, პროგრამული საშუალებებისა და ონლაინ პროგრამების განსავითარებლად, კომპანიებმა უნდა ითანამშრომლონ.
გასულ კვირას ანალიტიკოსებთან შეხვედრისას, იუანმა განაცხადა, რომ ე.წ. ვირტუალური სასაუბრო ოთახები (Chat Rooms) ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, Zoom-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარი სასაუბრო ოთახების გაუმჯობესება და მათთვის მეტი ფუნქციის მინიჭება. იუანი თვლის, რომ კომუნიკაციის პლატფორმების სერვისის გასაუმჯობესებლად, სასაუბრო ოთახებს, ვიდეოსა და ხმას შორის, მჭიდრო კავშირის დამყარებაა საჭირო. შეხვედრაზე, იუანმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდეოკონფერენციებისას, მომხმარებელი კმაყოფილია Zoom-ში არსებული chat-ით. ამიტომ, კომპანია დაინტერესებული არაა Slack-ისა და Microsoft Teams-ის ფუნქციების გამეორებით.
ცნობისთვის, პანდემიისას, Zoom-ის აქციების ფასი შვიდჯერ გაიზარდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, კომპანიის აქციების ფასმა 1.8%-ით დაიკლო. აქციების ფასისა და მაღალი შემოსავლის შესანარჩუნებლად, კომპანიამ ახალი ინიციატივების განხორციელება დაიწყო. მაგალითისთვის, Zoom-მა მომხმარებლებს საქველმოქმედო, უფასო, თუ ფასიანი ღონისძიებების ჩატარების საშუალება მისცა, რაც სოციალური დისტანციის პირობებში, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე, გასული თვეების განმავლობაში, პლატფორმა, ციფრული ეკონომიკისა და კორპორატიული საქმიანობისთვის, მთავარ შეხვედრის ადგილად იქცა.
აღსანიშნავია, რომ Zoom-მა ფინანსური მიზნებიც განაახლა. კერძოდ, კომპანია მიზნად ისახავს შემოსავლისა და მოგების გაზრდას. ამ პირობებში, შემოსავლის 10-12% კვლევასა და განვითარებაs, ხოლო 30-35% გაყიდვებსა და მარკეტინგs მოხმარდება. კომპანიას არ დაუკონკრეტებია ამ მიზნების განხორციელებისთვის განკუთვნილი ვადა. Zoom-მა, მასშტაბების რეკორდული ზრდით, კონკურენცია გაუწია Microsoft– ს. თუმცა, იუანი იმედოვნებს, რომ მომავალში, აღნიშნული კომპანიები ერთმანეთის პარტნიორებად ჩამოყალიბდებიან და არა – მეტოქეებად. იუანი პლატფორმა Microsoft-ს Zoom-ის “უდიდეს კონკურენტად” არ თვლის. თუმცა, მას მიაჩნია, რომ Microsoft-ის შეტყობინებების მიღებისა და ფაილების გაზიარების ფუნქციები კარგად მოერგება Zoom-ის შეხვედრებისა და ვებინარის ფუნქციებს. ამრიგად, პლატფორმებს შორის, შესაძლოა, საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს.