Zoom-ის ვიდეოკონფერენციების პლატფორმა გაყიდვების ზრდას 2021 წელსაც ელოდება და თან 40 პროცენტით. კომპანიაში შემოსავლების 2.66 მილიარდიდან 3.7 მილიარდ დოლარამდე მატება არის ნავარაუდევი.
აღნიშნული პროგნოზის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე საათში პლატფორმის წილების შესყიდვის მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა. ინვესტორების ნაწილი ვაქცინაციისა და შეზღუდვების ფარგლებში კომპანიის შემოსავლების ვარდნას ვარაუდობდა. თუმცა Zoom-ის თანადამფუძნებელმა, ერიკ იუანმა განაცხადა, რომ პროგრამაზე მოთხოვნა მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნდება, რადგან დისტანციურად მუშაობა 2021 წელსაც პოპულარული იქნება.
Zoom-ის გაყიდვები 2020 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 370 პროცენტით გაიზარდა და 882.5 მილიონ დოლარს მიაღწია. იუანის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ეპიდსიტუაცია უმჯობესდება და კომპანიებიც ძველ სამუშაო რუტინას უბრუნდებიან, თუმცა უამრავი მათგანი ინტეგრირებული სისტემის შემოღებას გეგმავს. შესაძლოა ბევრმა ფირმამ დისტანციურად მუშაობის დანერგვა გადაწყვიტოს.
ანალიტიკოს სუსან სტრიტერის განცხადებით, პლატფორმის გამოწვევა ახლა სწორედ ის არის, რომ გაუმკლავდეს ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Microsoft და Google, რომელთაც ზუმის მსგავსი შეხვედრების ფორმატი შექმნეს და აამოქმედეს: „პანდემიური სიტუაციები უკვე ჩვევად გვექცა და მისი დასრულების შემდეგაც კი შეიძლება ურთიერთობის შესანარჩუნებლად, თანამშრომლებთან ან მეგობრებთან მსგავსი პლატფორმები გამოვიყენოთ. თუმცა, მთავარი კითხვა სულ სხვა რამეა. ის, თუ როგორ შეძლებს Zoom ძლიერ კონკურენტებთან გამკლავებას“ – ამბობს სუსანი.