შესაძლოა, რუთ ბეიდერ გინსბურგი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს და აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში საპატიო მონუმენტი დაუდგან. ამ მოთხოვნით კანონპროექტი ამერიკელმა დემოკრატმა ქალებმა წარადგინეს.
რუთ ბეიდერ გინსბურგი აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. იგი მეორე ქალია, ვინც ამ პოსტს იკავებდა. მან მოსამართლედ 27 წელი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში, სასამართლოს ლიბერალური ფრთის მთავარ ფიგურად ითვლებოდა. ამასთან ერთად, გინსბურგი გასული საუკუნის 70-იან წლებში ქალთა საპროტესტო მოძრაობის ნაწილიც იყო.
აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში რამდენიმე ასეული მონუმენტი დგას. მათგან მხოლოდ ორია ქალი აქტივისტის. დემოკრატი ქალების თქმით, რუთ გინსბურგის მუდმივი მონუმენტის დადგმა საუკეთესო გზაა, პატივი მიაგონ მის ცხოვრებასა და საქმიანობას. „იგი იყო ეტალონი და პიონერი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ქალებისათვის კარების გაღებას მიუძღვნა, თანაც იმ დროს, როდესაც მათ გაჩუმებას ამდენი ითხოვდა“ – განაცხადა ემი კლობუჩარმა, კანონპროექტის თანაავტორმა.
როგორც ამერიკელი დემოკრატი ქალები ამბობენ, ახალი თაობა ისტორიაში ეძებს ძლიერ ქალებს ინსპირაციისთვის. კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე კი თითოეულ მონუმენტს თავისი დატვირთვა და გამომსახველობა აქვს. მათი აზრით, რთულად მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც ქალებისათვის რუთ გინსბურგზე უკეთესი მაგალითის მიმცემი იქნება.