სოფლის მეურნეობაში, ისევე როგორც საქმიანობის სხვა დარგებში, აქტიურად მიმდინარეობს დანერგვა სხვადასხვა სახის ტექნოლოგიებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ფერმერების პროდუქტიულობის ზრდას.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა გახლავთ ავსტრალიური კომპანიის – Ceres Tag–ის მიერ წარმოებული ჭკვიანი „იარლიყი“ (smart tag). მისი განთავსება ხდება მსხვილფეხა პირუტყვის ერთ-ერთი ყურის უკან. არის ასანთის კოლოფის ზომის, მუშაობს მზის ენერგიის ხარჯზე, დაკავშირებულია სატელიტთან და უწყვეტად აწვდის ფერმერს მონაცემებს პირუტყვის ადგილმდებარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ სხვა ფიზიოლოგიური ასპექტების შესახებ.
მსგავსი ტიპის ტექნოლოგიას წარმოადგენს ირლანდიური ფირმა Moocall–ის სმარტფონთან დაკავშირებული სენსორული აპარატიც, რომელიც მაგრდება ორსული შინაური ცხოველის კუდზე და ფერმერს უგზავნის ტექსტურ შეტყობინებას მოახლოებული მშობიარობის შესახებ.
Moocall-ის ოპერაციული მენეჯერი Stephen Fagan-ის თქმით, მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვის მიზანი არა ფერმებში, ცხოველებთან ურთიერთობაში ადამიანური ფაქტორის შემცირება, არამედ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტურობის ზრდაა. ვინაიდან, ისინი ხელს უწყობენ ფერმერების სამუშაო დროის შემცირებას, უხეში შეცდომების დაშვებისა თუ სხვადასხვა ყოველდღიური პრობლემების წარმოშობის აღკვეთას.
სოფლის მეურნეობაში ასევე ფართოდ გამოიყენება დრონები. იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეუძლიათ ვრცელი სივრცის დაფარვა, იძლევიან მოსავლის დათვალიერების, ფოტოების გადაღებისა და შხამქიმიკატების შესხურების საშუალებას.
მაგალითად, TechnoServe არის საერთაშორისო ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით იყენებს დისტანციურ გადამცემებს, დრონებს, მანქანურ დასწავლასა და სატელიტიდან მიღებულ მონაცემებს დასავლეთ აფრიკაში აკაჟუს (Cashew) წარმოების გასაზრდელად.
ამ საკითხის შესწავლაში აქტიურად ჩართული პროფესორი გირიშ ქოუდარი, ილინოისის ავტონომიური სისტემების ლაბორატორიის დირექტორი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახის რობოტების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ნათესების ეფექტური მონიტორინგი, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის რაოდენობის მზარდი ტემპის პირობებში.
ამასთან, მწარმოებლურობის ზრდის საკითხი მწვავედ დადგა დღის წესრიგში კორონავირუსის გავრცელების შემდეგაც. როგორც გვახსოვს, პანდემიით შექმნილი პანიკიდან გამომდინარე საწყის ეტაპზე დაცარიელდა მაღაზიების დახლები და შეიქმნა პროდუქციის დეფიციტი. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ნამდვილად სასარგებლო იქნება ტექნოლოგიების ჩართვა/განვითარება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პროცესში.