ფილიპინები ვაქცინის სანაცვლოდ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს ჯანდაცვის მუშაკებს სთავაზობს

ფილიპინები ათასობით ჯანდაცვის მუშაკს, ძირითადად კი ექთნებს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში დასაქმების საშუალებას მისცემს. თუმცა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ ორივე ქვეყანა სანაცვლოდ მათთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიცემას დასთანხმდება.

Photo Credits to Astons

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი მსგავსი შემოთავაზებით არ არიან დაინტერესებულები და მათი პრიორიტეტი ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოსახლეობის აცრაა. მიუხედავად ამისა, მომავალში დამატებით ჭარბი დოზების არსებობის შემთხვევაში ვაქცინას სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებენ.

ფილიპინები აზიაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ქვეყანამ სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისთვის დაწესებული სამუშაო შეზღუდვა შეამსუბუქა, თუმცა საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობა მაინც ლიმიტირებულია. წელიწადში მხოლოდ 5,000 ჯანდაცვის მუშაკი შეძლებს ქვეყნის გარეთ მუშაობას. ალისა ვისპერასის, შრომის სამინისტროს დირექტორის თქმით ქვეყანა მზადაა მომსახურების საფასურის სანაცვლოდ ვაქცინა მიიღოს. ექთნები იმ მილიონობით ფილიპინელებს შორის არიან, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობით ეკონომიკას 30 მილიარდ დოლარს მატებენ.

ბრიტანეთი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში, მაშინ, როდესაც გერმანია მეათე ადგილს იკავებს ინფიცირებულთა რაოდენობით. დიდი ბრიტანეთის განცხადებით ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წინა წელთან შედარებით 11,000-ით მეტი ექთანი მუშაობდა. მათ მადლიერება გამოხატეს იმ 30,000 ფილიპინელი სამედიცინო წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც ცენტრში მუშაობდნენ, თუმცა დაამატეს, რომ ვაქცინის გაცვლა ამ ეტაპზე საჭირო აღარ იყო. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის სპიკერმა განმარტა, რომ ისინი შეთანხმების დადებასა და ექთნების რეკრუტირებას არ აპირებდნენ, თუმცა დამატებით ვაქცინას გაუზიარებენ სხვებს, თუნდაც კოვაქს პლატფორმის დახმარებით.

ფილიპინელებს სურთ, 148 მილიონი ვაქცინის დოზა მიიღონ, მაშინ, როდესაც ბრიტანეთს 400 მილიონი ვაქცინა აქვს შეკვეთილი. ეს რიცხვი 6-ჯერ აღემატება ქვეყნის პოპულაციის რაოდენობას. ფილიპინებში გეგმავენ, რომ 70 მილიონი ადამიანი ან მთელი მოსახლეობის ორი მესამედი მაინც აცრან. ისინი ამჟამად ჩინეთიდან პირველ შეკვეთას ელოდებიან, რომელსაც ამ კვირაში მიიღებენ.

მთავრობის მონაცემებით, 2019 წელს თითქმის 17,000 ფილიპინელმა ექთანმა საზღვარგარეთ მუშაობის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ისინი რთული სამუშაო პირობებისა და სიღარიბისგან თავის დაღწევას ცდილობენ, თუმცა სახელმწიფოს გეგმა ჯანდაცვის მუშაკთა ვაქცინების რაოდენობაზე გაცვლაზე, ყველაფერს თავდაღმა აყენებს: „საშინელებაა თუ როგორ ექცევა მთავრობა ჯანდაცვის სექტორში მომუშავეებსა და ექთნებს, თითქოს ნივთები იყვნენ, რომლებსაც ექსპორტისთვის ამზადებენ“- ასე აფასებს სიტუაციას ჯოსელინ ანდამო, ფილიპინებში ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელი.