ქვეყნის ისტორიაში პირველად, ავღანურმა ავიაკომპანიამ შეასრულა ფრენა, რომლის ეკიპაჟიც მხოლოდ ქალებით იყო დაკომპლექტებული

90-წუთიანმა რეგულარულმა ფრენამ ავღანეთში ისტორია შექმნა.

Credits to Business Insider

ქვეყნის ერთადერთი კერძო ავიაკომპანია, Kam Air, მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟით განხორციელებულ პირველ ფრენას აღნიშნავს, რაც მისი განცხადებით ასევე პირველია სამხრეთ აზიის ქვეყნის ისტორიაში.

Kam Air-ის პირველი ავღანელი მფრინავი ქალი, 22 წლის მოჰადის მირზაი, შეუერთდა კაპიტან ვერონიკა ბორისოვას Boeing 737-ის პილოტად, რომელიც გადაფრინდა დედაქალაქ ქაბულიდან ჰერატში, დასავლეთ ავღანეთში. მანამ სანამ ისინი ქვეყნის თავზე ფრენას ახორციელებდნენ, ეკიპაჟის დანარჩენი ოთხი წევრი ქალი სალონში მგზავრებს ემსახურებოდნენ.

ჯოშ კეჰილი, ავიაკომპანიების წამყვანი მიმომხილველი და მოგზაური YouTuber-ი, ავიაკომპანიამ ბორტზე მიიწვია დოკუმენტური ვიდეოს გადასაღებად. გარდა ფრენის ისტორიული ხასიათისა, კეჰილმა აღნიშნა, რომ ფრენა ისევე შეუფერხებლად მიმდინარეობდა, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელიც თავისი გლობალური მოგზაურობების დროს გამოუცდია და განუცხადა Insider-ს, რომ ეკიპაჟი შედგებოდა „მაღალკვალიფიციური მფრინავებისაგან“.

ისტორიული ფრენა, თუკი კეჰილის მოწვევას არ ჩავთვლით, მაინცდამაინც არ გახმაურებულა, რაც ქვეყანაში ნორმაა. ავიაკომპანიები, როგორც წესი, ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, გაავრცელონ ინფორმაცია თავიანთი მიღწევების შესახებ, მაგრამ ავღანეთის გაძლიერებული უსაფრთხოება ხელს უშლის მაღალპროფილური ღონისძიებების გახმაურებას.

სამხრეთ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, პაკისტანი და ირანი, ავიაციის ენთუზიასტებისთვის, როგორიც კეჰილია, მუდმივი აღფრთოვანების წყაროა, რადგან მათი ავიაკომპანიები გამოირჩევიან ყველაზე უნიკალური და უძველესი თვითმფრინავებით, რომლებიც ჯერ კიდევ ასრულებენ ფრენებს.


Planespotter.net-ის მიხედვით, 23 წლის Boeing 737-500 თავდაპირველად, 1998 წელს, Continental Airlines-ს გადასცეს, აპრილში კი Kam Air-ის მფლობელობაში გადავიდა. ის არ არის უძველესი თვითმფრინავი ავღანეთში, მაგრამ თვითმფრინავის ეს ტიპი უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება აშშ-ის ავიაკომპანიების მიერ.

შეგახსენებთ, რომ Kam Air-ის ავიაკომპანიამ 2018 წელს ქაბულში სასტუმრო ინტერკონტინენტალზე თალიბების თავდასხმის შედეგად ცხრა თანამშრომელი დაკარგა.

ამჟამად Kam Air-ს ეკრძალება ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ოპერირება, თუმცა კომპანია გეგმავს ფრენების დაწყებას გერმანიაში, ფრანკფურტში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ოპერატიული უსაფრთხოების აუდიტის ქვეშ მისი სერტიფიცირების მოტივით, რაც ხელს შეუწყობს მის ამოღებას ევროგაერთიანების შავი სიიდან.

კეჰილი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მოგზაურობს დედამიწის გარშემო, რათა განიხილოს ავიაკომპანიების უახლესი პროდუქტები, მაგრამ ის ხშირად ვერ აწყდება ქალ მფრინავებს, მით უმეტეს, მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებულ ეკიპაჟს. ის იმედოვნებს, რომ ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ეს ფაქტიც შეიცვლება.