G20-ის ფარგლებში 26 თებერვალს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის მმართველთა ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი დანიელე ფრანკო და გუბერნატორი იგნასიო ვისკო ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევაც.
გეორგიევამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და იმ ზეგავლენაზე ისაუბრა, რაც მათ გლობალურ ეკონომიკურ სურათზე აქვთ: „ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა – ადამიანური ტრაგედიები და მწვავე ეკონომიკური რეცესია, ამას არავინ ელოდა. თუმცა, დღეს ვაქცინაციის პროცესისა და მონეტარული პოლიტიკის, ასევე ფისკალური ზომების ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა გამოჯანმრთელების გზაზე დგას. ზრდა, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობთ იანვარში არსებულ 5.5 პროცენტიან მაჩვენებელზე მეტი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროგნოზები შესაძლოა არ გამართლდეს. ვაქცინაციის პროცესს დიდი დრო სჭირდება, რასაც თან ერთვის ახალი ვირუსული ტალღები და განსხვავებული შტამები.“
სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური სხვაობის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ პროცესით ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები, ახალგაზრდები და ქალები დაზარალდნენ: „2022 წლისათვის განვითარებად ქვეყნებში მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე კლების მაჩვენებლის 22 პროცენტამდე ზრდას ველოდებით. განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მონაცემი 13 პროცენტამდე მოიმატებს.“ კრისტალინა გეორგიევა ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე აუცილებელია კლიმატურ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა G20-ის ქვეყნებს აქტიური და ეფექტური ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. სამპუნქტიანი გეგმა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, ბიზნესისა და შინამეურნეობების ხელშეწყობასა და განვითარებადი ქვეყნების დახმარებას მოიცავს: „მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, ქვეყნებთან მიმართებაში ძლიერ რეფორმებს ვახორციელებთ. უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარება და შეღავათიანი დაფინანსების სისტემაც უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.“