სასურველ სამუშაო ადგილას დასაქმება საკმაოდ რთული პროცესია, მითუმეტეს დასაქმების ბაზარზე მზარდი კონკურენციის პირობებში. ამიტომ საჭიროა ამ საკითხს უფრო გაგებით მოვეკიდოთ და მეტი ყურადღება დავუთმოთ სამსახურის ძებნის ხერხების დახვეწასა თუ გასაუბრებისთვის მომზადებას.
ათასწლეულის ანტერპრენერებმა, ჯონათან ხავიერმა და ჯერი ლიმ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ სამუშაოს ძიების ტრადიციული მეთოდები თითქმის არ მუშაობს, ამიტომ გადაწყვიტეს დაეარსებინათ კარიერული განვითარების საკონსულტაციო ფირმა- Wonsulting, რომლის ძიების მთავარი ტექნიკა ემყარება სოციალური მედიის გამოყენებას. კერძოდ, მათ შეიმუშავეს ხუთნაბიჯიანი სისტემა, რომელიც დაგვეხმარება ხელსაყრელ ადგილას დასაქმებაში:
- რეზიუმეს შედგენა ATS სისტემის მიხედვით
მანამ, სანამ ჩვენი რეზიუმე HR-მდე მივა, ხშირ შემთხვევაში, ის გადის ერთგვარ სკანირების პროცესს, რისთვისაც იყენებენ ე.წ. აპლიკანტების მეთვალყურეობის სისტემას (Applicant Tracking System), ამიტომ კარგი იქნება თუ რეზიუმეს სწორედ მისი ალგორითმის მიხედვით ავაწყობთ. ამისთვის Wonsulting გვთავაზობს ნიმუშს, რომელიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შევადგინოთ CV-ის თითოეული სექცია.
- LinkedIn-ის საძიებო სისტემის გამოყენება
ამჟამინდელი მონაცემებით, LinkedIn-ს ჰყავს 260 მილიონი აქტიური მომხმარებელი, რაც მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პლატფორმას სამუშაოს მაძიებელთათვის. თუმცა, როგორც ხავიერი ამბობს, ბევრი სათანადოდ ვერ იყენებს ამ სოციალური მედიის შესაძლებლობებს. იგი კანდიდატებს ურჩევს, თავიანთი საძიებო სისტემა გაფილტრონ მათთვის საინტერესო კომპანიების, ადგილმდებარეობისა და უნარების მიხედვით. ასე ბევრად გამარტივდება ძებნის პროცესი, ვინაიდან შესაძლებელი იქნება კომპანიებმა პირადად შესთავაზონ მათ სამსახური.
- პერსონალური კავშირების დამყარება
კარგი იქნება თუ ჩვენთვის სასურველ კომპანიაში შევეცდებით ვინმესთან დავამყაროთ პირადი კავშირი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ეფექტურად. ჩვენ მიერ გაგზავნილ მეილში უნდა ჩანდეს რეალური ინტერესი. ხავიერის თქმით, კარგი იქნება თუ შეტყობინებას თან დავურთავთ სხვადასხვა კვლევის ანგარიშს თუ სტატიას, რომელიც მათ მიერაა დაწერილი, ეს დაგვეხმარება საკუთარი პოზიციის უკეთ წარმოჩენაში.
- შეკითხვის დასმა
უნდა გვახსოვდეს, რომ LinkedIn არის ბიზნესის ქსელური საშუალება და არა უბრალოდ ერთ-ერთი გასართობი სოციალური არხი. შესაბამისად, მისი მომხმარებლები მზად არიან პასუხი გასცენ სხვადასხვა პროფესიულ შეკითხვებს. აქედან გამომდინარე, საჭირო ადამიანების მოძიების შემდეგ, კარგი იქნება თუ კონკრეტულ კითხვებს დავუსვამთ მათ ჩვენთვის საინტერესო თემებზე, იქნება ეს კომპანიის შესახებ ინფორმაცია თუ უბრალოდ პროფესიული რეკომენდაციის მიღება.
- კავშირზე დარჩენა
ხავიერის თქმით, კავშირის დამყარების შემდეგ, ასევე აუცილებელია ვიფიქროთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მისი აზრით, ქსელური ურთიერთობის დამყარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შენარჩუნებაზე ფიქრია, რომლებმაც გარკვეული დახმარება გაგვიწიეს. Wonsulting ამისთვის გვთავაზობს ელ. ცხრილს, რაც დაგვეხმარება ჩვენი ურთიერთობების მონიტორინგში.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სოციალური ქსელების დახმარებით წარმატების მისაღწევად შეგვიძლია ვიაროთ არა რთული, არამედ ჭკვიანური გზით.
თუმცა, ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. კომპანიები ხშირ შემთხვევაში ვაკანსიის აღწერაში უთითებენ არასრულ ან მცდარ ინფორმაციას, ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე CV-ს შედგენისას. თუ სამსახურის მაძიებელს სურვილი აქვს მისი მონაცემები და შესაძლებლობები იყოს დამსაქმებლისთვის მომხიბვლელი, რა თქმა უნდა, ანალოგიურ სიტუაციას ვაწყდებით კომპანიების მხრიდანაც. ვაკანსიაში თითქმის შეუძლებელია ამოვიკითხოთ ინფორმაცია ფირმის შიდა „სამზარეულოს“ შესახებ, მაგალითად, როგორიც არის: ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების საჭიროება, კადრების შემცირების ტენდენციები, ფინანსური პრობლემები და სხვა. შესაბამისად, ძალიან ხშირად დასაქმების შემდეგ დიდი იმედგაცრუების მსხვერპლნი ვხდებით.
ასევე, ხშირად ხდება ისეც, რომ პოზიცია, რომელზეც ვაგზავნით ჩვენს რეზიუმეს, სრულიად უცხოა ჩვენთვის, რამაც გასაუბრებაზე შესაძლებელია დიდი უხერხულობა გამოიწვიოს.
მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად HR-ები გვირჩევენ, ჩვენი მონაცემების სასურველ სამუშაო ადგილას გაგზავნამდე, ჩავატაროთ პატარა კვლევა, როგორც ორგანიზაციის, ისე პოზიციის შესახებ. ამაში შეიძლება დაგვეხმაროს ვინმე, ვინც უკვე მუშაობს ამ კომპანიაში ან მარტივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერნეტი, რომელიც უკვე კარგა ხანია იქცა მასობრივი ინფორმაციის წყაროდ.
მას შემდეგ, რაც მოვძებნით სასურველ სამუშაო ადგილს, წარმატებით გავივლით გასაუბრებას (ზედმეტი გაუგებრობების გარეშე) და საბოლოოდ დავიკავებთ ამ პოზიციას, შეიძლება კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინოს თავი. ესაა გაურკვევლობა შესასრულებელი დავალების გარშემო, უკუკავშირის არ ქონის გამო.
ჩვენ სწორედ იმით განვსხვავდებით რობოტებისა თუ მანქანა-დანადგარებისგან, რომ შეგვიძლია ვიპოვოთ გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევის გზა.
Forbes-ის ერთ-ერთი კონტრიბუტორი, ეივერ ბლენკი ამისთვის გვაძლევს სამსაფეხურიან რეკომენდაციას:
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის სრულყოფილი გათავისება
როდესაც ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც დარწმუნებით არ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საჭიროა იმ ინფორმაციის სრული გააზრება, ხელახლა გადახედვის გზით, რაც უკვე ხელთ გვაქვს.
- შეკითხვების დასმა
რეალურად ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზების გამო თავს ვიკავებთ ხოლმე ამისგან. რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა, ვინაიდან შეკითხვების დასმა, თუნდაც სხვისი აზრის გაგების მიზნით, გვეხმარება ჩვენთვის პრობლემური საკითხი დავინახოთ სხვა რაკურსითაც.
- გადაწყვეტილების მიღება
უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებული ადმიანები ყოველთვის თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საჭიროა მოვუხმოთ თავდაჯერებულობას და საკუთარ თავზე ავიღოთ გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა, თუნდაც ის არ იყოს სრულყოფილი.
მაშასადამე, პროფესიონალებმა იციან თუ როგორ მართონ გაუგებრობა. ისინი, აანალიზებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, სვამენ საჭირო შეკითხვებს და არ ეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების.