Welt Am Sonntag-ის ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი გეგმავს ახალი ეკომარკირების შემოღებას საჰაერო მიმოსვლისთვის. გეგმის თანახმად, ახალი ეკო-ეტიკეტი გულისხმობს საავიაციო ინდუსტრიაში ყველა ავიაკომპანიის თვითმფრინავისა და ფრენის შეფასებას მათი გარემოზე ზემოქმედების შესაბამისად.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ, EASA-მ ავიაციის ეკო კლასიფიკაციის შემუშავებისთვის ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, ეტიკეტირება უნდა შეიცავდეს „სანდო, შედარებად და გადამოწმებულ ინფორმაციას“. ეკომარკირების უფრო ზუსტი ტექნიკური დეტალები კი 2022 წლის ბოლოს იქნება დადასტურებული. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნება იგი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი.
ამ პროექტის მიზანია მომხმარებლებს მოუწოდოს, აირჩიონ ეკოლოგიურად სუფთა ფრენები. როგორც თავად ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, მგზავრებს უნდა შეეძლოთ მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება, რათა შეამცირონ „გრინვოშინგი“.
ეკომარკირება ბრიუსელის „European Green Deal“-ის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია – ევროკავშირი მიზნად ისახავს, 2050 წლისთვის სრულიად კლიმატ-ნეიტრალური გახდეს. ამ ახალი პროექტით კი ის ზრდის ზეწოლას ავია ინდუსტრიაზე, რომ მისი ბიზნესი ბევრ ახალ ეკო-ფაქტორს ითვალისწინებდეს.