გლედის ვესტი – უხილავი ფიგურა GPS სისტემის მიღმა

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ცხოვრება ასეთ მიმართულებას მიიღებდა. ორმა მნიშვნელოვანმა აღმოჩენამ მეცნიერების დარგში, კერძოდ კი ფარდობითობის თეორიამ და კვანტურმა ფიზიკამ, ახალი შესაძლებლობის კარი გახსნა. სმარტ ტელეფონები, ინტერნეტი, კომპიუტერი – ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად განსხვავებული გახდა იმისგან, რაც ადრე იყო.

Photo Credits to IzmirAutoCar

ერთ-ერთი რევოლუციური ტექნოლოგია ჩვენი საზოგადოებისთვის GPS – გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემაა. დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი თანამგზავრებისა და ოთხი საკონტროლო სადგურის დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სიგნალის მიღება და ლოკაციის დადგენაა შესაძლებელი. პროგრამა საკმაოდ სენსიტიურია და 95 პროცენტით აკურატული, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილმდებარეობის განსაზღვრა 1 მეტრის რადიუსით თითქმის ყოველთვის წარმატებულად ხორციელდება. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის ვინ დგას ამ აღმოჩენის უკან. ალბერტ აინშტაინი და გლედის ვესტი – სწორედ ამ ორი ადამიანი სახელს უკავშირდება GPS ნავიგატორის არსებობა. პირველი ბევრისთვის კარგად ნაცნობია და თითქოს არც გვიკვირს მისი სახელის კონტრიბუტორთა სიაში პოვნა, ის ხომ მეოცე საუკუნის უდიდესი თეორეტიკოს ფიზიკოსადაა მიჩნეული. მაგრამ ვინ არის გლედი ვესტი, უხილავი ქალი ფიგურა და რატომ არის მისი ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელი?

ყოფილიყავი ქალი მეცნიერი დიდი გამოწვევა იყო. სფეროში, სადაც შენს ყოფნას ყველაზე ნაკლებად ელიან, რთულია აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ ხმამაღლა ისაუბრო. კიდევ უფრო რთულია ამ ყველაფრისთვის აღიარება მოიპოვო. საინტერესოა, როგორია ვესტის ისტორია და არის თუ არა მისი მაგალითი გაკვალული გზა ქალების მეცნიერულ სამყაროში უფრო მარტივად მისაღებად.

ვესტი 1930 წელს ვირჯინიის შტატში დაიბადა. მათემატიკოსს პატარაობიდანვე არ მოსწონდა ფერმერობა, მაგრამ იძულებული იყო, ოჯახს მცირე ფერმაში მაინც დახმარებოდა. ჯერ კიდევ გათენებამდე იწყებოდა მძიმე სამუშაო და შუადღის მოზღვავებული სიცხის დროსაც გრძელდებოდა. სძულდა სიბინძურე, მაგრამ მუშაობის პროცესში მუდმივად ხეების მიღმა მდგარ შენობაზე კონცენტრირდებოდა და ფიქრობდა. ეს შენობა სკოლა იყო და მან იცოდა, რომ სწორედ სკოლა იქნებოდა თავისუფლებამდე მისასვლელი ბილეთი: „განსხვავება იყო სურვილსა და რეალობას შორის. გონებით სხვაგან მსურდა ყოფნა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგან ვიყავი. განათლების მიღება და აქედან თავის დაღწევა მსურდა. არ მინდოდა, მთელი ცხოვრების აქ გატარება“ იხსენებს 89 წლის გლედი. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა მაშინ, რომ მისი მიზნები ფერადკანიანი ქალების წინააღმდეგ არსებულ შეხედულებებს დაანგრევდა და მეტიც, რომ ის გახდებოდა მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი ინოვაციის, GPS სისტემის გამომგონებელი.

წითელი შენობა, ვესტის დაწყებითი სკოლა, 5 კილომეტრის მოშორებით ხეებისა და გრძელი გზის მიღმა მდებარეობდა. ფერადკანიან მოსწავლეთა ჯგუფში მალე ის ყველასგან გამორჩეული გახდა. მშობლებმა გლედის კოლეჯში გაგზავნა გადაწყვიტეს, თუმცაღა გაუთვალისწინებელი შემთხვევების ფონზე სწავლისთვის გადანახული თანხა დაიხარჯა. ერთადერთი გზა გადასახადის საკუთარი შრომით გამომუშავება იყო. თუმცა, თანხის შეგროვების პროცესი ნელი და მცირე პროგრესით მიმდინარეობდა და ვესტმაც იმედი დაკარგა. გლედისთვის ოქროს შანსი მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკოლის მასწავლებელმა დაფინანსების შესახებ გამოაცხადა, რომლის საშუალებითაც ორი საუკეთესო სტუდენტი სტიპენდიას მიიღებდა: „ყველაფერი ვცადე და გავაკეთე იმისთვის, რომ საუკეთესო აკადემიური მაჩვენებელი მქონოდა და ეს შევძელი კიდეც. ვირჯინიის კოლეჯში სწავლის დაფინანსება მივიღე“ – ამბობს ვესტი.

Photo Credits to The Free Lance-Star

მან მათემატიკის მიმართულებით სწავლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მამაკაცები დომინირებდნენ, გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა და ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ ქალაქელ სტუდენტებს გათანაბრებოდა: „იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ გართობაზე და დასვენებაზეც კი ვამბობდი უარს. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი“. კოლეჯის დასრულების შემდეგ ცოტახნით მასწავლებლადაც მუშაობდა. თანხის მოგროვების შემდეგ კი მაგისტრის ხარისხიც მიიღო. ხარისხის დაცვის შემდეგ ვესტს ვირჯინიის საზღვაო სამხედრო ბაზაში სამსახური შესთავაზეს. ის მეორე ფერადკანიანი ქალი იყო, რომელიც პროგრამისტად დანიშნეს.

გლედი მოწყობილობებისთვის კოდებს წერდა. ის საკუთარი თავით ამაყობდა, მაგრამ ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და კარიერული წინსვლის მიუხედავად, მუდმივად ებრძოდა მასში არსებულ არასრულფასოვნების კომპლექსს. მისი აზრით, სწორედ ამან უბიძგა, რომ მუდმივად ემუშავა საკუთარ თავზე და ჰქონოდა პროგრესი. მისი თეთრკანიანი კოლეგებიც პატივისცემით ექცეოდნენ, თუმცა სამსახურის გარეთ იშვიათად ცდილობდნენ სოციალიზაციას: „ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ამას ამჩნევ, მაგრამ არ აძლევ საშუალებას, რომ შენს საზიანოდ იმოქმედოს. დავიწყე ჩემს თავზე ფიქრი, როგორც მისაბაძი მაგალითი და ვცდილობდი მაქსიმალურად კარგად გამეკეთებინა საქმე, რომ აღიარება მომეპოვებინა“.

საზღვაო ბაზა ცალკე სამყარო იყო, იზოლირებული ყველასგან და ყველაფრისგან. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ვესტი სეგრეგაციას არ განიცდიდა, სიტუაცია გარეთ ბევრად განსხვავებულ სურათს ქმნიდა. სამხრეთით სამოქალაქო უფლებების დასაცავად საპროტესტო მოძრაობები დაიწყო. გლედი ვესტი ამ ყველაფერს მხარს უჭერდა. ის მშვიდობიანი პროტესტის მომხრე იყო, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში ყოფნის გამო მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი ენერგია სამსახურში ჩაედო: „დემონსტრაციებს ვესწრებოდი, შემდეგ მოვდიოდი მოტივირებული და ვმუშაობდი ძალიან ბევრს. მინდოდა, რომ ფერადკანიანებთან დაკავშირებული სტიგმები გამექრო. ჩვენ ყველა, როგორც ფერმაში მომუშავეებს ისე აღგვიქვამდა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამაზე მეტი შეგვეძლია“.

ვესტი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო წარმატებული გახდა. მალე ის საზღვაო პროექტის მენეჯერად დანიშნეს, რომელშიც ხუთ ადამიანთან ერთად მუშაობდა. მათ უნდა შეექმნათ SEASAT, პირველი სატელიტი, რომლის დახმარებითაც ოკეანეებზე დაკვირვება იქნებოდა შესაძლებელი. ვესტმა შეიმუშავა პროგრამა IBM 7030, რომელიც მაშინ არსებულ სხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე უფრო სწრაფად მუშაობდა და დედამიწის ფორმის მათემატიკურ მოდელირებას ახდენდა. სწორედ ეს გახდა GPS სისტემის საფუძველიც: „როდესაც რაიმეს ქმნი სამხედრო სამსახურისთვის, ვერც კი წარმოიდგენ , რომ ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფრის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა იქნებოდა შესაძლებელი“.

ვესტის კონტრიბუცია აღიარების მიღმა დარჩა. მის ფასს ვერც თავად მიხვდა და ვერც სხვები. საზღვაო ბაზაზე გატარებული 42 წელმა თითქმის უკვალოდ ჩაიარა. მხოლოდ მას შემდეგ მიაქციეს აღმოჩენას ყურადღება, როდესაც ვესტმა საკუთარი ავტობიოგრაფია კოლეჯში გაგზავნა: „ვფიქრობდი, რომ ეს იყო სამუშაო პროცესში შექმნილი პროდუქტი. მეგობრებთან კი სამსახურზე არასდროს ვსაუბრობდი. ამიტომ მათ არც კი იცოდნენ ამის შესახებ. მაგრამ ადამიანების აღფრთოვანებამ მიმახვედრა, რომ რაღაც კარგი შევქმენი“. ის მალე GPS პროგრამის შემქმნელად აღიარეს. 2018 წელს კი ამერიკის საჰაერო ძალებისგან ჯილდო მიიღო: „ყოველთვის უკან გვხევენ, რადგან, ზოგადად, ჩვენ არ ვართ ისინი, ვისზეც ისტორიაში წერენ. იქ მხოლოდ საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც თეთრკანიანებისთვის მისაღებია. თუცა ამ ყველაფრის შემდეგ ცვლილების უფრო და უფრო მეტი სურვილი ჩნდება“.

ვესტისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი Hidden Figures აღმოჩნდა. სამი აფრო-ამერიკელი ქალი მათემატიკოსის ისტორიამ, რომლებიც ნასასთვის მუშაობდნენ, საკუთარ თავთან იდენტიფიცირების საშუალება მისცა. მან გაიაზრა, რომ შესაძლოა ბევრი უხილავი ქალია მეცნიერული მიღწევის მიღმა დარჩენილი: „მსოფლიომ პროგრესი განიცადა. თუკი ადრე იდეების ხმამაღლა გაჟღერება რთული იყო, ახლა ნელ-ნელა ეს პროცესი გამარტივდა. ქალებისთვის სამყარო უფრო უკეთესი გახდა, მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ საჭიროა“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნილი პროგრამა სიზუსტით მუშაობს, ვესტი მოგზაურობისას მაინც ქაღალდის რუკებს იყენებს. ის მხოლოდ საკუთარ კალკულაციებს ენდობა. როგორც ჩანს, ზოგიერთი ჩვევა მაინც უცვლელი რჩება.