McDonald’s-ის გეგმა გენდერული თანასწორობის მისაღწევად

მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s 2025 წლისთვის მმართველ პოზიციებზე ქალების კვოტის გაზრდას გეგმავს, საბოლოო მიზანი კი 2030 წლისათვის გენდერული თანასწორობის მიღწევა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა რეალიზების ხელშეწყობაა.

McDonald’s-ის გეგმა სტატისტიკურად ასე გამოიყურება: 2025 წლის დასასრულს, დივერსიფიკაციის მიზნით, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თანამშრომელთა რაოდენობა 35%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც 6%-ით მეტია 2020 წლის ბოლო მონაცემებთან შედარებით. ქალების ჩართულობის გაზრდა კი 8 პროცენტით იგეგმება, საბოლოოდ მათი წილი თანამშრომლების 45% იქნება. 2030 წლისათვის კი გენდერული პარიტეტი უნდა იყოს შექმნილი.

კომპანიის 2018 წლის მონაცემებით, მმართველ და მენეჯერულ პოზიციებზე ქალების წილი მხოლოდ 32 პროცენტი იყო. ხოლო 33 პროცენტს შეადგენდა ფერადკანიან, ლათინო-ამერიკელ ან აზიელ თანამშრომელთა რაოდენობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება McDonald’s-მა მას შემდეგ მიიღო, რაც 50-მა ყოფილმა ფრენჩაიზმა კომპანიას რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი. 52 მოსარჩელე ირწმუნებოდა, რომ კომპანია მათ ფილიალებს უფრო დაბალშემოსავლიან არეალებზე ანაწილებდა, სადაც უფრო მაღალი სადაზღვეო ხარჯი, ხოლო გაყიდვებიდან კი დაბალი შემოსავალი იყო. მათი თქმით, 2011-2016 წლებში McDonald’s-ის წლიური ბრუნვა ორი მილიარდი დოლარი იყო, მაშინ როცა მათ მოგებას მხოლოდ 700,000 დოლარი წარმოადგენდა.

გარდა ამისა, თანამშრომლები კომპანიას სისტემური სექსუალური შევიწროების დამალვაში ადანაშაულებდნენ, რასთან დაკავშირებითაც 500-მილიონიანი საქმე აღიძრა. ქალები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი მუდმივად განიცდიდნენ ზეწოლას მამაკაცი თანამშრომლებისგან, თუმცა როდესაც ამას ხმამაღლა ამბობდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან გულგრილობას იღებდნენ. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, შევიწროებაზე გაცხადების შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კორპორაცია ყველა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა ივლისში Black Lives matter მოძრაობის დაწყების შედეგად, ფირმამ ცვლილებების მიღება დააანონსა. „ჩვენ გვესმის რამდენად მძიმეა ის პრობლემები, რასაც ხალხი გვიზიარებს და მკაფიოდ დავინახეთ მესიჯი, რომ მრავალფეროვნება და თანასწორობა არის პრიორიტეტული მთელი გუნდისათვის“ – წერდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კრის კემპზინსკი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში – „ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები ამ ფუნდამენტური მიმართულების დაცვაში.“