სეიკო ჰაშიმოტო „ტოკიო 2020-ის“ პრეზიდენტად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა თანამდებობა სკანდალის ფონზე დატოვა. ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ჰაშიმოტო, თავად შვიდგზის ოლიმპიელია. იგი ასპარეზობდა ველორბოლასა და სწრაფ ციგურაობაში.
ყოფილი ხელმძღვანელი იოშირო მორი თანამდებობიდან გადადგა უარყოფითი გამოხმაურებების შემდგომ, რაც მოჰყვა მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქალები ძალიან ბევრს საუბრობენ. ის სხვა თანატოლ მამაკაცს უნდა ჩაენაცვლებინა, რასაც ასევე პროტესტი მოჰყვა – იაპონიის ოლიმპიურ საბჭოს ამჟამად 24 წევრი ჰყავს, რომელთაგან 5 ქალია.
ბატონმა მორიმ შეხვედრაზე განაცხადა, თუკი საბჭოს წევრი ქალების რიცხვი გაიზრდება, მოგვიწევს „დავრწმუნდეთ, რომ მათი სასაუბრო დრო რამენაირად შეზღუდული იქნება, რადგან დასრულება უჭირთ და ეს მომაბეზრებელია“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა თავისი „შეუსაბამო განცხადებისთვის“ და დასძინა, რომ მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა დარწმუნებულიყო, ივლისში ოლიმპიადა მართლაც ჩატარდებოდა.
ქალბატონმა ჰაშიმოტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან ოლიმპიური თამაშების მინისტრის თანამდებობა დატოვა, რათა ახალი პოზიცია დაიკავოს. ასევე, მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სურს ტოკიოს თამაშების მემკვიდრეობა იყოს ისეთი საზოგადოება, რომელიც მიიღებს ხალხს სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიესალმა მის დანიშვნას. პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ქალბატონი ჰაშიმოტო „შესანიშნავი არჩევანია“ და მისი პოლიტიკური გამოცდილება „ხელს შეუწყობს უსაფრთხო და წარმატებული“ თამაშების ჩატარებას.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება – ის პანდემიის გამო შარშან ერთი წლით გადაიდო.
ვინ არის სეიკო ჰაშიმოტო?
სეიკო ჰაშიმოტო 2019 წლიდან მსახურობდა იაპონიის ოლიმპიადების მინისტრად და, ასევე, ითავსებდა ქალთა გაძლიერების მინისტრის პოზიციას. როგორც ყოფილ სპორტსმენს, მონაწილეობა აქვს მიღებული შვიდ ოლიმპიურ თამაშში – ასპარეზობდა სწრაფ ციგურაობაში ზამთრის ოთხ თამაშში, ხოლო ველოსიპედით რბოლაში ზაფხულის სამ თამაშში. 1992 წელს მიიღო ბრინჯაოს მედალი ქალთა 1,500 მეტრიან სიჩქარით ციგურაობაში ალბერტვილში, საფრანგეთში.
2000 წელს ქალიშვილის დაბადებით, ქალბატონი ჰაშიმოტო იყო პირველი პოლიტიკოსი იაპონიაში, რომელმაც დეკრეტული შვებულება მიიღო თანამდებობაზე ყოფნის დროს – რისი კამპანიაც ორსულობისას წამოიწყო. იგი ასევე გახდა პალატის პირველი დეპუტატი, რომელმაც იმშობიარა მაშინ, როდესაც თანამდებობა ჯერ კიდევ ეკავა.