2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. 2020 წლის I და II კვარტალში უმუშევრობის 18.3 პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მესამე კვარტალში გამოვლენილი 1.3 პროცენტიანი კლების მიუხედავად კი მონაცემები კვლავ გაიზარდა.
2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის ნახევარს ითვლის. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 0.5 პუნქტით არის შემცირებული, ხოლო დასაქმების დონე კი – 2.3 პუნქტით. ბოლო ორი წლის მონაცემებით მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობა და დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. თუმცა გაიზარდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა. 2018-2019 წლის კვარტლურ მონაცემებთან შედარებით 2020 წლის მეოთხე კვარტალში თვითადაქმებულთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 32.7 პროცენტი დაფიქსირდა.
2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.0 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მონაცემები ქალებში 2.5 პუნქტით გაიზარდა , ხოლო კაცებში- 4.7 პროცენტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალების სამუშაო ძალის კლების ტენდენცია გამოვლინდა. მუდმივი კლების შედეგად 2020 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე დაბალი 40.2 პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
შემცირებულია ასევე დასაქმების დონე. 2020 წლის IV კვარტლის მონაცემებით დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალებში, ასევე კაცებში , 2.8 და 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.