მსოფლიოში უმსხვილესი კინოთეატრების ქსელის, AMC-ის აქციების ფასი საგრძნობლად შემცირდა კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, თუმცა 30%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია Amazon-ის მხრიდან მის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით.
AMC-ის ამჟამად 4.9 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალდებულებები აქვს. ანალიტიკოსების აზრით, ამ პირობებში კომპანიის გაკოტრება გარდაუვალია და ეს უბრალოდ დროის საკითხია. ამჟამად AMC-ის ღირებულება 500 მილიონი დოლარის ქვემოთაა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, Amazon ერთგვარ მხსნელადაც კი შეიძლება მოვიაზროთ.
Amazon-სთვის მსგავსი კაპიტალდაბანდებები არაა ახალი ხილი და უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ასე თუ ისე, წარმატების მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. კომპანიას გააჩნია ე.წ. Prime Video-ს სერვისი, რომელიც ამაზონის „გამომწერებს“ სთავაზობს მის მიერვე წარმოებულ ან ლიცენზირებულ ფილმებსა თუ სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს. ასე რომ კინოთეატრების ქსელის ფლობა დაეხმარება მას Amazon Prime-ისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესისთვის, ახალი ბაზრების ათვისებაში.
თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, ნამდვილად აპირებს კი Amazon ასეთი „ძვირი“ ნაბიჯის გადადგმას?!