ბილ გეითსის გეგმა კლიმატური პრობლემების წინააღმდეგ

მსოფლიოში მეოთხე მილიარდელს დედამიწის კატასტროფული კლიმატური ცვლილებებისგან გადარჩენის საკუთარი გეგმა აქვს – თან იმაზე იაფად, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ.

ბილ გეითსს , Microsoft-ის თანადამფუძნებელს სურს, რომ ორი რიცხვი დავიმახსოვროთ – 51 მილიარდი და ნული. პირველი იმ სათბურის აირების რაოდენობის აღმნიშვნელია, რომელიც ატმოსფეროს ყოველწლიურად ემატება. მეორე კი იმ აირების რაოდენობას ასახავს, რაც 2050 წლისთვის უნდა მივიღოთ, რათა კლიმატური კრიზისი თავიდან ავირიდოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მომავალი 30 წლიანი გზა ასე გამოიყურება- ორმოცდათერთმეტი მილიარდი ტონიდან ნულამდე, დიდი დანახარჯების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს სათბური აირების ემისია 5%-ით შემცირდა, კლიმატური პროცესების განვითარების უარყოფითი ტენდენცია არ შეცვლილა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია WMO ამბობს, რომ 1980-იანი წლებიდან დაწყებული ყოველი შემდგომი ათწლეული წინაზე ცხელი იყო. გარდა ამისა, არსებული მონაცემების ფონზე 2011-2020 -ყველაზე ცხელ დეკადად , ხოლო 2020 წელი კი ყველაზე ცხელ წლად გამოცხადდა.

უკვე ოცი წელია, რაც გეითსი ისეთ გლობალურ თემებს სწავლობს, როგორებიცაა სიღარიბე და დაავადებები. ამ მიმართულებებით დაკვირვებამ კი ის კლიმატური ცვლილების პრობლემასთან მიიყვანა. მისი ახალი წიგნი How To Avoid A Climate Disaster: The Solutions We Have And The Breakthroughs We Need გაყიდვაში 16 თებერვალს ჩაეშვა: „ეს წიგნი დავწერე იმიტომ, რომ ვფიქრობ ახლა საკვანძო მომენტია ამ პრობლემის დასაძლევად. ბოლო 15 წელია ენერგიის წყაროებთან მიმართებაში პროგრესს ვხედავ. განახლებადი ენერგიის ფასი, როგორიცაა მზე და ქარი, იკლებს. კლიმატური სიტუაციების დასაძლევად მეტი საჯარო მხარდაჭერა იგრძნობა, კომპანიები და სახელმწიფო ამბიციურ მიზნებს ისახავენ აირების ემისიის შესამცირებლად. ზუსტად ამიტომ ახლა საჭიროა გეგმა, რომ ეს ყველა მცდელობა ერთად შევკრათ და პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ.“

ბილ გეითსის თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, რომ იდენტიფიცირდეს ის ეკონომიკური სექტორები, რომლებიც 51 მილიარდ ტონა აირს აწარმოებენ. ემისიების 31% და ყველაზე დიდი ნაწილი ისეთი სახის წარმოებას ხმარდება, როგორებიცაა სამშენებლო მასალები, პლასტმასი. აირების 27% ელექტროობის წარმოებისა და გადაცემისას იქმნება, 19% – სათბურების მოსავლელად და საკვები პროდუქტების მოსაყვანად, 16% კი ტრანსპორტირებისას. გეითსი ჯერ კიდევ ათი წლის წინ საუბრობდა ამ თემაზე. 2010 წელს TED Talk-ში მან ხაზი გაუსვა ნახშირორჟანგის შემცირების აუცილებლობას და 2050 წლისთვის ემისიების რაოდენობის ნულამდე დაყვანა მთავარ მიზნად დაასახელა. ის კონსულტაციებს გადიოდა ამ სფეროს არაერთ ექსპერტთან. 2015 წელს ბილ გეითსი პარიზის კლიმატის სამიტსაც დაესწრო და საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, ფრანსის ჰოლანდს მოუწოდა, ქვეყნები ტექნოლოგიური ინოვაციების კვლევისა და განვითარებისთვის თანხის გაღებაზე დაეთანხმებინა. შეთანხმებას 20-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

სამუშაო პროცესის პროგრესულად წარმართვის მიზნით, გეითსმა და მისმა გუნდმა შეიმუშავეს ტერმინი Green Premium, რომელიც ასახავს სხვაობას პროდუქტის „სუფთა“ და „არასუფთა“ ვარიანტს შორის. ვთქვათ, ჩვეულებრივი საწვავი ღირს 2 დოლარი, ხოლო ბიოსაწვავი კი 5 დოლარი, Green premium ამ შემთხვევაში მათი სხვაობა ანუ 3 დოლარია. თუმცაღა, ეს მიდგომა სრულყოფილი არ არის. იმ სფეროებში, სადაც სხვაობა ფასებს შორის დიდია, საჭირო იქნება უფრო დაბალხარჯიანი ინოვაციის შემოტანა. ასეთი, მაგალითად, წარმოების სექტორია.

ბილ გეითსის გეგმის შესრულება წელიწადში 7 მილიარდი დაჯდება. მეოთხედი იმისა, რაც National Institute of Health-ის დაფინანსებას სჭირდება . მან ასევე წამოაყენა წინადადება , რომ შეიქმნას National Institute of Energy Innovation, რათა ამერიკამ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების სათავეში ჩადგომა შეძლოს: ,,ამერიკა მსოფლიო აირების 14%-ს გამოყოფს, თუმცა, თუ ჩვენ დავიყვანთ მოხმარებას ნულამდე, მხოლოდ ესეც საკმარისი იქნება გლობალური სურათის პოზიტიური ცვლილებისთვის“.

მაიკროსოფტის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მან დაახლოებით მილიარდი დააბანდა ისეთ კომპანიებში, რომლებიც ნულოვანი ემისიის მომხრეები არიან. გეითსის თქმით, ის კიდევ ორი მილიარდის ინვესტირებას აპირებს ამ საქმეში. გარდა ამისა, დიდი ინვესტიცია ჩაიდო კომპანიაში TerraPower, რომელიც ბირთვულ ენერგიას საწვავად გარდაქმნის. ის ასევე ცდილობდა თანხების მოძიებას პარტნიორებისგან: „მილიარდის შოვნა არც ისე რთული აღმოჩნდა. 22 ზარის განხორციელება დამჭირდა და დაახლოებით 20 „დიახ“ მოვისმინე ტელეფონიდან“.

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მოძიება მკითხველს მისი წიგნიდან შეეძლება. გეითსის დიდი სურვილი ამჯერად ის არის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მის მიერ გაჟღერებული იდეები განხილოს: „ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც იქნება საჭირო. და ამას გავაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის.“