მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირების, Space Race–ის მთავარი მიზანი კოსმოსის ათვისება იყო. სწორედ დედამიწის გარეთ სურდა ორივე სახელმწიფოს უპირატესობის მოპოვება. აღნიშნული მიზნის მიღწევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს NASA-ს მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი დაეხმარა. სულ რამდენიმე წელია, რაც კეტრინმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია. 2016 წელს გამოვიდა წიგნი Hidden Figures, რომლის მთავარი პერსონაჟიც სწორედ ხსენებული მათემატიკოსია.
ჯონსონმა მეცნიერების წყალობით მოახერხა, ამერიკელებს დახმარებოდა დედამიწის ორბიტაზე პირველი ამერიკული გასვლის დაგეგმვაში, ის იყო მთვარეზე ადამიანის გაშვების პროექტის მონაწილეც და მრავალი სხვა. აღნიშნული დამსახურებისა და კარიერის გამო, ახალ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც 2021 წლის თებერვლიდან კოსმოსში გაემგზავრება, სწორედ მისი სახელი დაარქვეს.
კომპანია Northrop Grumman-ისგან ეს გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან ისინი ყოველთვის გამორჩეული ფიგურების სახელებს არქმევენ ხომალდებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, კეტრინი ყველასთვის მისაბაძი ადამიანია მისი თავდაუზოგავი შრომის გამო. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს NASA-მ დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთ ფილიალს სწორედ კეტრინ ჯონსონის სახელი დაარქვა. 2020 წელს კი ერთ-ერთ ხელოვნურ თანამგზავრს სახელი შეუცვალეს და Katherine Johnson უწოდეს.
ჯონსონი 1918 წელს დაიბადა დასავლეთ ვირჯინიაში. ის მალევე დაინტერესდა მათემატიკით და კოლეჯში სწორედ ამ მიმართულებით სწავლობდა. 1952 წელს მან შეიტყო, რომ NACA-ში აფროამერიკელ მათემატიკოს ქალებს ეძებდნენ, რათა მათ მონაცემები გამოეთვალათ. სულ მალე მან მოახერხა და მნიშვნელოვანი პროექტების მონაწილეც გახდა. 2015 წელს მას ბარაკ ობამამ პრეზიდენტის თავისუფლების პრემია გადასცა. 26 კვლევის და არაერთი დამსახურების გამო ის თავის სფეროში პიონერად არის მიჩნეული. ჯონსონი 2020 წელის თებერვალში, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.