PainChek | აპლიკაცია, რომელიც ტკივილის დონეს ზომავს

ადამიანები განვიცდით ტკივილს და ჩვეულებისამებრ, გამოვხატავთ მასზე რეაქციას. მაგრამ, ხშირად კომუნიკაციის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ტკივილის გამოხატვა არც ისე მარტივია.  სწორედ ამგვარი პრობლემების დასაძლევად, ავსტრალიურმა სტარტაპმა PainChek-მა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც იმ ადამიანებს მისცემს „ხმის ამოღების საშუალებას“, ვინც ტკივილს ვერ გამოხატავს. მაგალითად, დემენციის მქონე ადამიანებს. აპლიკაცია, ძირითადად განკუთვნილია ხანდაზმულთათვის, რომლებიც საჭიროებენ მზრუნველობას.

PainChek– ეს არის პროგრამა, რომელიც იყენებს სახის ანალიზსა და ხელოვნურ ინტელექტს, ტკივილის განსაზღვრისა და დონის შესაფასებლად. აპლიკაცია საკმაოდ მოქნილია, სმარტფონის კამერა მოკლე ვიდეოს საშუალებით აფიქსირებს სუბიექტის სახეს და სახის ამომცნობი ტექნიკით აანალიზებს სურათებს. იგი ავტომატურად ცნობს და აფიქსირებს სახის კუნთების მოძრაობებს, რომლებიც ტკივილის დონეზე მიუთითებენ.

ამის შემდგომ, „მეთვალყურე პირი“ იყენებს PainChek-ის აპლიკაციას, რათა, დააკვირდეს ტკივილთან დაკავშირებულ ქცევას, კონკრეტულად, როგორ გამოიხატება ტკივილი და პასუხობს შესაბამის კითხვებს. საბოლოოდ აპლიკაცია გამოითვლის ტკივილის საერთო ქულას და ინახავს შედეგს. იგი საშუალებას აძლევს „მეთვალყურე პირს“ დროთა განმავლობაში დააკვირდეს მედიკამენტების და მკურნალობის ეფექტს. კომპანიის თანახმად, PainChek-ს შეუძლია ტკივილის დაფიქსირება 90%-ზე მეტი სიზუსტით.  

 

Photo Credit: PainChek

„ადამიანისთვის ძალიან რთულია, სხვა ადამიანის სახის ემოციების დეკოდირება“ – განმარტავს პიტერ შერგილი, PainChek-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი. „ინსტრუმენტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ალგორითმებს, რათა გაშიფროს სახე, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე.“

დასავლეთ ავსტრალიაში, კერტინის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა PainChek-ის განვითარება 2012 წლიდან დაიწყო. ტექნოლოგია კლასიფიცირებულია, როგორც სამედიცინო მოწყობილობა, ევროპაში, ავსტრალიასა და კანადაში, იგი სამედიცინო მომსახურების სახლებს სთავაზობს ყოველთვიურ მომსახურებას, დაახლოებით 4 დოლარი თითო მობინადრეზე.

PainChek ასევე ცდილობს შექმნას პროდუქტები, რომლებიც მოერგება სხვა სამიზნე აუდიტორიასაც. იგი ატარებს კვლევას მელბურნის პედიატრიულ საავადმყოფოში, რათა შეიმუშავოს სამ წლამდე ბავშვებში ტკივილის დასადგენი პროგრამა.