მულტინაციონალურ ორგანიზაციას KPMG ისტორიაში პირველად ქალები უხელმძღვანელებენ. KPMG-იმ მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად კომპანიის დროებითი მმართველების პოზიციაზე ორი ქალი დანიშნა.
ყოფილი თავმჯდომარე, ბილ მაიკლი, რომელიც კომპანიას 2017 წლიდან მართავს, თანამდებობიდან ოთხშაბათს, 10 თებერვალს გადადგა. მიზეზი კი მის მიერ ფინანსური სერვისების საკონსულტაციო ჯგუფთან ვირტუალური შეხვედრის დროს გაკეთებული კომენტარი გახდა. ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც 1500 კაციანი ჯგუფის მესამედი მაინც ესწრებოდა, ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას პანდემიის დროს სამუშაო პირობების შესახებ ბილ მაიკლმა უხეშად უპასუხა, რომ ამაზე წუწუნი შეეწყვიტათ. გარდა ამისა, წევრების მოსაზრებას მისი მიკერძოებული დამოკიდებულების შესახებ სრული უაზრობა უწოდა. მაიკლის კომენტარებზე KPMG-ის შიდა ეთიკის კომისიამ ფორმალური გამოძიება დაიწყო.
KPMG-იმ ხუთშაბათს, 600-მდე პარტნიორს უკვე აცნობა ბილ მაიკლის გადადგომის შესახებ და ორი კანდიდატურა დაასახელა, რომლებიც მის ფუნქციას შეასრულებდნენ. მერი ოკონორი, რომელიც ორგანიზაციის პორტფელის მენეჯერი იყო, უფროსი პარტნიორის ფუნქციის შემსრულებელი იქნება. რაც შეეხება ბინა მეჰთას, ბორდის წევრს, ის თავმჯდომარის პოზიციაზე დაინიშნება. ორგანიზაციის 150 წლიან ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ზემოთჩამოთვლილ თანამდებობაზე ქალი ინიშნება.
მერის ორმაგი კვალიფიკაცია აქვს და დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი იურისტია. კონორის სახელი 2016 და 2017 წელს 100 გავლენიან ქალ დამზღვევთა შორისაც მოხვდა. მეჰთას კარიერა კი საბჭოს წევრობის 20 წლიან ისტორიას ითვლის, რომლის დროსაც არაერთ კერძო თუ ინტერნაციონალურ კლიენტთან უმუშავია. ბინა ფირმის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი.
პირველი, რასაც ფირმის განვითარებაში ისინი შეცვლიან არის ორგანიზაციის შეფასების სისტემა, რომლის თანახმადაც, ხუთკაციან ჯგუფში თანამშრომლებს საუკეთესო რეიტინგის მქონე და ამავდროს ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე წევრი უნდა გამოევლინათ. მენეჯერები და სტაფის წევრები სისტემას აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ის დემორალიზებას უწყობს ხელს. ყოფილი დირექტორის, მაიკლის განმარტებითაც, სწორედ ეს სისტემა გახდა ერთგვარი უკმაყოფილებისა და თანამშრომლების გულისწყრომის მიზეზი.