წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ, 2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს განწყობის ინდექსი 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა. განწყობის გაუმჯობესება ყველა სფეროში შეინიშნება, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდა კი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.
ბიზნესის განწყობის ინდექსის ცვლილება სხვადასხვა სექტორებში შემდეგნაირად გამოიყურება:
- მრეწველობა გაიზარდა 1.6 პუნქტით
- მშენებლობის განწყობის მაჩვენებელი 13.4-ს გაუტოლდა და 70.6 პუნქტით გაიზარდა
- ვაჭრობა შემცირდა 14.3 პუნქტით
- მომსახურების სფეროში მაჩვენებელი 55.3 პუნქტით გაიზარდა
- სოფლის მეურნეობის მონაცემები 11.6 პუნქტით გაიზარდა
- საფინანსო სექტორში ზრდამ 23 პუნქტი შეადგინა
ოპტიმისტური განწყობა შეინიშნება ბიზნესის მოლოდინების ინდექსზეც. ბიზნეს-სექტორის დადებითი მოლოდინები მომავლის მიმართ 2020 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების გაუმჯობესებაზე აისახა. წინა წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებთან შედარებით 2021 წლის პირველ კვარტალში ინდექსმა 22.5-ს მიაღწია. ოპტიმისტური მოლოდინების ზრდა ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა ვაჭრობისა.
29.7 პუნქტს მიაღწია ფასების მოლოდინების ინდექსმა. ზრდა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების დიდი ნაწილი საკუთარ პროდუქტებზე ფასების ზრდას ვარაუდობს, ფასების შემცირებას კი მხოლოდ სამშენებლო სექტორი ელოდება.
კვლევაში 23-მა დიდმა და 128 მცირე და საშუალო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ბიზნესსაქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად ისინი კვლავ მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასახელებენ.
დიდი კომპანიების 19% ფინანსებს მიიჩნევს შემზღუდველ ფაქტორად, 48%- მოთხოვნას, 5% – აღჭურვილობას ხოლო 24% – სამუშაო ძალას. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნეს-მეწარმეებს 41% შემზღუდველ ფაქტორებად ასახელებს ფინანსებს, 54% – მოთხოვნას, 13% – აღჭურვილობას, ხოლო 8% სამუშაო ძალას.