მეგან მარკლმა გამომცემლობას Daily Mail სასამართლო დავა მოუგო

მეგან მარკლმა ბრიტანულ გამომცემლობას Daily Mail სასამართლო დავა მოუგო. გამომცემლობამ ქალის მიერ მამისადმი მიწერილი წერილი გამოაქვეყნა. მეგანი კი მათ პირადი ხასიათის ინფორმაციის უნებართვოდ გასაჯაროებას ედავებოდა.

Photo Credits Getty

2019 წელს ასოცირებული გამოცემებმა – Mail On Sunday და MailOnline – გაასაჯაროეს წერილი, რომელშიც მეგან მარკლი მამამისს მათ შორის წარმოქმნილ განხეთქილებაზე წერდა. სასამართლოს თანახმად, წერილი გამომცემლობას სწორედ ქალის მამამ მიაწოდა.

მეგან მარკლმა სასამართლოს სარჩელი მალევე წარუდგინა. იგი გამომცემლობას პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას, საავტორო უფლებებისა და მონაცემთა კონფიდენციალობის დარღვევას ედავებოდა. როგორც პრინც ჰარის მეუღლე ამბობდა, ფულადი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ამ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ასოცირებული ჟურნალების გამომცემელი, წერილის გასაჯაროებით უხეშად შეიჭრა მეგან მარკლის, სამეფო ოჯახის წევრის პირად ცხოვრებაში.