სანდრო კობერიძის ფილმი ბერლინალეს მთავარ კონკურსში წარადგინეს

Photo Credits to DFFB

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში წარადგინეს. ინფორმაციას „ბერლინალესა“ და „საქართველოს ეროვნული კინოცენტრის“ ოფიციალური გვერდები ავრცელებენ.

„[ფილმი] არის ახალგაზრდა ქალის და კაცის ამბავი, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით გაიცნობენ, შეუყვარდებათ ერთმანეთი და მეორე დღეს ორივე გაიღვიძებს განსხვავებული გარეგნობით, სხვა ადამიანებად გაიღვიძებენ და შემდეგ ვეღარ პოულობენ ერთმანეთს,“ – აღწერს ფილმის სიუჟეტს რეჟისორი. ქართულ ფილმებს შორის „ოქროს დათვის“ მოპოვების შანსი უკანასკნელად თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეს“ 1993 წელს ჰქონდა.

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ანი ქარსელაძე, გიორგი ბოჭორიშვილი და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ. ფილმის პრემიერა ივნისში, ბერლინში შედგება. კობერიძის ნამუშევრის გარდა, ბერლინის კინოფესტივალის ფორუმზე სალომე ჯაშის „მოთვინიერებასაც“ აჩვენებენ.