და ანდრეს კორონავირუსი 117-ე დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე დაუდასტურდა

მონაზონს, რომელმაც ორივე მსოფლიო ომი და 1918 წლის გრიპის პანდემია გადაიტანა, კორონავირუსი უსიმპტომოდ იანვრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა. მან ავადმყოფობის დღეები წმინდა კატერინე ლაბუროს პენსიონერთა სახლში, თავის ოთახში იზოლირებულმა გაატარა. და ანდრე გამოჯანმრთელდა და მოუთმენლად ელის თავის 117-ე დაბადების დღეს.

Photo Credits to Florian Escoffier

და ანდრეს თავდაპირველი სახელი ლუსილ რენდონია. ის 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა ქალაქ ალესში. გაიზარდა არარელიგიური პროტესტანტების ოჯახში. ადრეული ასაკიდანვე მუშაობდა აღმზრდელად მარსელში და რეპეტიტორად პარიზში. კათოლიციზმს 19 წლის ასაკში ეზიარა, 25 წლისამ კი საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. 28 წლის და ანდრე ზრუნავდა ხანშიშესულ ადამიანებსა და ობოლ ბავშვებზე. 1944 წელს მოწყალების დებს შეუერთდა, რათა 40 წლის ასაკში მონაზვნად აღკვეცილიყო. სახელი – და ანდრე – თავისი გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ აირჩია. მონაზონი პენსიონერთა სახლში 2009 წელს გადავიდა საცხოვრებლად.

მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ეტლში მჯდომსა და მხედველობის პრობლემებისა, და ანდრეს კორონა ვირუსის დიაგნოზის არ შეშინებია.

„მე მიხარია თქვენთან ყოფნა, მაგრამ ვისურვებდი, რომ სადმე სხვაგან ვიყო – ჩემს უფროს ძმასთან, ბაბუასა და ბებიასთან ერთად“ – ამბობს და ანდრე სატელევიზიო ინტერვიუში.

მონაზონი ვირუსზე მეტად ყოველდღიური რუტინის დარღვევამ შეაწუხა. თავის ავადმყოფობაზე მეტად კი სხვების ჯანმრთელობაზე ღელავდა. იზოლაციის პერიოდში და ანდრე გამუდმებით ლოცულობდა. ამჟამად კი თავისი 117-ე დაბადების დღის  მცირე წრეში აღნიშვნას აპირებს პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებისა და საფრთხისაგან თავის არიდების გამო.